<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> ვალსალვას სინუსის ანევრიზმა

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 22.3 ვალსალვას სინუსის ანევრიზმა


 

ვალსალვას სინუსის თანდაყოლილი ანევრიზმა - ეს არის მისი მედიის გათხელება ფიბროზულ, სარქვლოვან რგოლში გადასვლის უბანში.

მცირე ზომის ანევრიზმები, რომლებიც გამოიყურებიან როგორც თითისმაგვარი ამობურცული წარმონაქმნები, უფრო ხშირად წარმოიქმნება მარჯვენა და არაკორონარულ სინუსებში.

უხშირესად ანევრიზმა გამოვლინდება მაშინ, როცა ადგილი აქვს მის დაზიანებას. ძირითადად 10-30 წლის ასაკში.

 


სურ. 22.3. 1. აორტოგრამა. ნაჩვენებია დიდი ზომის ვალსალვას სინუსის ანევრიზმა, შუნტით მარჯვენა პარკუჭში და მძიმე არტალური რეგურგიტაციით.


ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ორგანზომილებიანი კვლევით შესაძლებელია ანევრიზმის ვიზუალიზაცია (სურ.22.3. 2,3,4). ვალსალვას მარჯვენა სინუსის ანევრიზმა ჩაიზნიქება მარჯვენა წინაგულში ან მარჯვენა პარკუჭში, არაკორონარული-მარჯვენა წინაგულში. ანევრიზმა ზოგჯერ ისეთ ზომებს აღწევს, რომ ხელს უშლის მარჯვენა წინაგულში სისხლის მოდინებას. ზოგჯერ მოდის კონტაქტში პარკუჭთაშუა ძგიდესთან და იწვევს ატრიოვენტრიკულარულ ბლოკადას. ზოგჯერ ვალსალვას მარჯვენა სინუსის დაზიანება, სისხლის გადასროლით მარჯვენა პარკუჭის მომტან ტრაქტში ან მარჯვენა წინაგულში, გამოიყურება როგორც პერიმემბრანოზული დეფექტი პარკუჭთაშუა ძგიდის ანევრიზმით. დიფერენციაციაში გვეხმარება უწყვეტტალღოვანი დოპლეროკარდიოგრაფია.


დოპლეროკარდიოგრაფია:

უწყვეტტალღოვან დოპლერზე ვალსალვას სინუსის დაზიანებისას, ნაკადს აქვს მაღალი სიჩქარე, როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზებში. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტისას კი,

აღინიშნება მაღალი სიჩქარე სისტოლისას და დაბალი სიჩქარე დიასტოლისას. ფერადი დოპლერით შეიძლება გამოვლინდეს ვალსალვას სინუსის დაზიანება და სისხლის გადასროლა (სურ. 22.3. 5).


სურ. 22.3. 2. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური პოზიცია, გულის გრძელი ღერძი. პაციენტი ვალსალვას სინუსის ანევრიზმით, რომელიც გახსნილია ძგიდეში.

 

სურ. 22.3. 3. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია. პაციენტი ვალსალვას სინუსის ანევრიზმით. ანევრიზმა დაკავშირებულია აორტასთან.


სურ. 22.3. 4. ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია. პაციენტი ვალსალვას სინუსის ანევრიზმით.

 

ვიდეო 22.3. 1. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი აორტის სარქვლის დონეზე. პაციენტი ვალსალვას სინუსის ანევრიზმით.


ვიდეო 22.3. 2. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი აორტის სარქვლის დონეზე. პაციენტი ოთხკარედიანი აორტალური სარქველით და ვალსალვას სინუსის ანევრიზმით.

 

მცირე ზომის ანევრიზმების შემთხვევაში, რომლებიც ხელს არ უშლიან დინებას და დაბალია მათი დაზიანების რისკი, ძირითადად შემოიფარგლებიან დაკვირვებით. დიდი ზომის ანევრიზმებისას, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის დინებას, ნაჩვენებია მისი გეგმიური მოკვეთა. ანევრიზმის დაზიანებისას კი ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაციული ჩარევა და მისი გაკერვა, პარკუჭების მოცულობითი გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად.


სურ. 22.3. 5. A-ზე ნაჩვენებია ოთხკამერიანი პოზიცია, პაციენტი ვალსალვას სინუსის ანევრიზმით, რომელიც გახსნილია მარჯვენა წინაგულში. ისრებით ნაჩვენებია ტრიკუსპიდალური სარქველი. სურ B-ზე ნაჩვენებია ფერადი დოპლეროკარდიოგრამა, რომელიც აჩვენებს ტურბულენტურ ნაკადს აორტიდან, მარჯვენა წინაგულში. სურ. C-ზე იგივე პაციენტის ექოკარდიოგრამა გულის მოკლე ღერძზე. სურ D-ზე ფერადი დოპლეროკარდიოგრამა, გულის მოკლე ღერძზე. გამოვლენილია სისტოლურ-დიასტოლური ტურბულენტური ნაკადი.

 

 

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.