<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> ფალოს ტეტრადა

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 22.6 ფალოს ტეტრადა


 

1888 წელს ფალომ აღწერა მანკი, რომელიც მოიცავდა 4 სხვადასხვა ანომალიას: პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტი, ფილტვის არტერიის სტენოზი, აორტის დექსტრაპოზიცია და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია (სურ. 22.6.1). აღმოჩნდა რომ, ამის გარდა პაციენტების 15%-ში აღინიშნება წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, 25%-ში აორტის მარჯვენამხრივი რკალი, 5-9%-ში წინა-დაღმავალი კორონარული არტერია გამოდის მარჯვენა კორონარული არტერიიდან.

დაავადების ჩვეულებრივი მიმდინარეობისას პაციენტების მხოლოდ 11 % აღწევს 20 წლის  და მხოლოდ 3% 40 წლის ასაკს. გადარჩენილთა უმრავლესობაში აღინიშნება ფილტვის არტერიის შედარებით მსუბუქი სტენოზი. სიკვდილის ძირითადი მიზეზია ინფექციური ენდოკარდიტი, არიტმიები, თავის ტვინის ინსულტები და აბსცესები.

 

სურ. 22.6.1. ფალოს ტეტრადა. აუტოფსიური მასალა. ვხედავთ პარკუჭთაშუა ძგიდის დიდ დეფექტს და გადამჯდარ აორტას, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიას და მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქციას.

 

ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიული კვლევით, მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, გრძელ ღერძზე, გამივლინდება პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტი და პარკუჭთაშუა ძგიდეზე გადამჯდარი აორტა (სურ. 22.6.2,3). დეფექტის გავლით დინება ჩვეულებრივ მიმართულია მარჯვნიდან-მარცხნივ, მისი სიჩქარე მცირეა.

პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე, შეგვიძლია დავათვალიეროთ ფილტვის ღერო. ფილტვის არტერიის სტენოზი შეიძლება იყოს: სარ ქველქვედა, სარქვლოვანი, სარქველის რგოლის შევიწროების სახით და სარქველზედა. უწყვეტტალღოვანი დოპლეროკარდიოგრაფიით ზომავენ წნევის გრადიენტს მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის ღეროს შორის.

 

სურ. 22.6.2. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური პოზიცია, გულის გრძელი ღერძი. პაციენტი ფალოს ტეტრადით. აღინიშნება პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტი, გადამჯდარი აორტა და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია.



სურ. 22.6.3. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, აპიკალური მიდგომა. პაციენტი ფალოს ტეტრადით. აღინიშნება პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტი და გადამჯდარი აორტა.

 

 

ვიდეო 22.6.1. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, პარასტერნალური პოზიცია, გულის გრძელი ღერძი. პაციენტი ფალოს ტეტრადით.

 

მკურნალობა


პაციენტების უმრავლესობას ესაჭიროება რადიკალური ოპერაცია. გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები ფილტვის ღეროს ატრეზიით.

ფილტვის ღეროს ატრეზიისას, მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი ამოვსებულია კუნთოვანი ქსოვილით და მთავრდება ბრმად. დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს ამ ორ მანკს შორის. ორივე შემთხვევაში არის პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტი მასზე გადამჯდარი დიდი სისხლძარღვით.

ფალოს ტეტრადისას აორტის სარქველი შეცვლილი არ არის, ფილტვის ღეროს ატრეზიისას კი შეცვლილია. ამ უკანასკნელში არ არსებობს მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი და ფილტვის არტერიები უერთდება აორტას.


 

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.