კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 18. ტრიკუსპიდალური სტენოზი

 

ტრიკუსპიდალური სტენოზი ყველაზე იშვიათი შეძენილი მანკია.  მისი მიზეზი შეიძლება იყოს რევმატიზმი (ასეთ შემთხვევებში როგორც წესი ასევე გვაქვს მიტრალური სარქველის დაზიანებაც). ასევე შესაძლოა განვითარდეს კარცინოიდული სინდრომის და ენდოკარდიტისას.

 

ექოკარდიოგრაფიული ნიშნები

 

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

გამოკვლევას იწყებენ ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით. აფასებენ კარედების სტრუქტურას. კვლევა შეიძლება ჩატარდეს აპიკალური და სუბკოსტალური ოთხკამერიანი პოზიციებიდან. პარასტერნალური მიდგომიდან მოკლე ღერძზე და მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელ ღერძზე.
ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შეიძლება ინახოს კარედების კალცინოზი, დეფორმაცია, გაღების ამპლიტუდის შემცირება, მარჯვენა წინაგულის და ქვემო ღრუ ვენის დილატაცია (სურ.  18.1). შეიძლება გამოვლინდეს სიმსივნის არსებობა და ვეგეტაციები (ენდოკარდიტისას).

 

 

სურ. 18.1. სტენოზური ტრიკუსპიდალური სარქველი. მარცხნივ - ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. აღინიშნება კარედების გასქელება და მარჯვენა წინაგულის დილატაცია. მარჯვნივ - უწყვეტტალღოვანი დოპლერი. აღინიშნება ტრანსტრიკუსპიდალური ნაკადის სიჩქარის გაზრდა და ტრიკუსპიდალური რეგურგიტაცია.

 

ფერადი დოპლეროგრაფია:

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას, შესაძლოა ვნახოთ მოზაიკური, სტენოზური ნაკადი და რეგურგიტაცია, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს ტრიკუსპიდალურ სტენოზს.

 

სპექტრალური დოპლერი:

სპექტრალური დოპლერი გამოავლენს ნაკადის გაზრდილ სიჩქარეს  (სურ.18.1). ამასთან აღსანიშნავია, რომ ტრიკუსპიდალური ნაკადის სიჩქარე იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში, ამიტომ საჭიროა სუნთქვის ციკლის სხვადასხვა ფაზაში მიღებული მონაცემების გასაშუალოება.

უწყვეტტალღოვანი დოპლერით ასევე შესაძლებელია მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის, წნევის სისტოლური გრადიენტის განსაზღვრა. სტენოზის სიმძიმის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება წნევის საშუალო გრადიენტს. ასევე შესაძლებელია წრფივი სიჩქარის ინტეგრალის და წნევის ნახევრადვარდნის დროის განსაზღვრა (T1/2). T1/2-ით შესაძლებელია სარქველის ხვრელის ფართობის გამოთვლა. ზოგიერთი ავტორი აღნიშნული მეთოდით ხვრელის ფართობის გამოთვლისას,  კონსტანტა 220-ის ნაცვლად, იყენებს 190-ს. აღნიშნული პარამეტრი ტრიკუსპიდალური სარქველის ხვრელის ფართობის გამოსათვლელად ნაკლები სიზუსტით ხასიათდება (მიტრალური სტენოზისაგან განსხვავებით) ამიტომ მას იშვიათად მიმართავენ. სარქველის ხვრელის ფართობი ასევე შეიძლება გამიოთვალოს ნაკადის უწყვეტობის განტოლებიდან.  

 

ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება


აშშ-ს ექოკარდიოგრაფიის საზოგადოების რეკომენდაციების მიხედვით (ASE), სტენოზის სიმძიმე უნდა შეფასდეს როგორც ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო. ამისათვის იყენებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის საშუალო გრადიენტით:

  • < 5 mmHg - ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო სტენოზი.
  • >5 mmHg - ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
PGmid
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 18.1. ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის საშუალო გრადიენტით.


ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის ნახევრადვარდნის დროით (T1/2):

  • < 190 მ/წმ - ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო სტენოზი.
  • >190 მ/წმ - ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
PHT
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 18.2. ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის ნახევრადვარდნის დროით (T1/2).


ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება სარქველის ხვრელის ფართობის განსაზღვრით (ნაკადის უწყვეტობის განტოლებიდან):

  •  > 1სმ2 - ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო სტენოზი.
  • <  1 სმ2 - ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
Area
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 18.3. ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება სარქველის ხვრელის ფართობის განსაზღვრით.


ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება ნაკადის წრფივი სიჩქარის ინტეგრალით:

  • < 60 სმ - ჰემოდინამიკურად უმნიშვნელო სტენოზი.
  • >60 სმ სმ - ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
VTI
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 18.4. ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება ნაკადის წრფივი სიჩქარის ინტეგრალით.

 

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მარჯვენა წინაგულის  და ქვემო ღრუ ვენის დილატაციას.