კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 19. ტრიკუსპიდალური რეგურგიტაცია

 

სამკარედიანი სარქველის უკმარისობა უფრო ხშირად ვითარდება მეორადად, მარჯვენა პარკუჭის დეკომპენსაციის ფონზე, რომელიც განპირობებულია პულმონალური ჰიპერტენზიით. სარქველის ორგანული დაზიანება როგორც წესი, იშვიათად გვხვდება (ენდოკარდიტი, კარცინოიდული სინდრომი, ებშტეინის ანომალია, რევმატიზმი). აღსანიშნავია, რომ მცირე ტრიკუსპიდალურ რეგურგიტაციას ადგილი აქვს ჯანმრთელი პოპულაციის 70 %-ში.

 

 

ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


M-მოდალური  და ორგანზომილებიანი კვლევა:

ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს სამკარედიანი სარქველის უკმარისობის ირიბი ნიშნები: მარჯვენა პარკუჭისა და წინაგულის ჰიპერტროფია და დილატაცია. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით ასევე შეიძლება გამოვლინდეს პარკუჭთაშუა ძგიდის პარადოქსული მოძრაობა და ქვემო ღრუ ვენის სისტოლური პულსაცია (სუბკოსტალური მიდგომა). გამოკვლევისათვის საუკეთესოა აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია და სუბკოსტალური მიდგომა.

 

ფერადი დოპლეროგრაფია:

პირდაპირი და სარწმუნო ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დოპლეროკარდიოგრაფიით. ფერადი დოპლერით გამოკვლევისას, იოლად არმოვაჩენთ რეგურგიტაციის ნაკადს, ის კოდირებულია ლურჯ ფერში და სისტოლისას მიმართულია მარჯვენა წინაგულისაკენ (სურ.  19.1).
შეიძლება გამოითვალოს რეგურგიტაციის ნაკადის ფართობი. ფერადი დოპლერით ასევე შესაძლებელია რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება, PISA-ს რადიუსის და Vena Contracta-ს სიგანის გამოყენებით.

 

იმპულსურტალღოვანი დოპლერი:

იმპულსურტალღოვანი დოპლერით გამოკვლევისას, რეგურგიტაციის ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ. იმპულსურტალღოვანი დოპლერით იკვლევენ ნაკადს ღვიძლის ვენებში. მძიმე ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციისათვის დამახასიათებელია სპექტროგრამაზე ნაკადის სისტოლური რევერსია (სურ.  19.1).
უკმარისობის ხარისხის შესაბამისად, რეგურგიტაციის ნაკადი მარჯვენა წინგულში გამოვლინება სხვადასხვა სიღრმეზე. ზოგჯერ ის აღწევს ქვემო ღრუ ვენამდე და ღვიძლის ვენებამდე.

 

უწყვეტტალღოვანი სპექტრალური დოპლერი:

უწყვეტტალღოვანი დოპლერით გამოკვლევისას, რეგურგიტაციის ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ (სურ.  19.1). უწყვეტტალღოვანი დოპლერით გამოკვლევისას დიდი მნიშვნელობა აქვს სპექტროგრამაზე რეგურგიტაციის ნაკადის ინტენსივობის და მისი ფორმის შეფასებას. რაც შეეხება ნაკადის სიჩქარეს, რეგურგიტაციის სიმძიმის შესაფასებლად ის ნაკლებად ინფორმატიულია (სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული).
ტრიკუსპიდალური უკმარისობის სპექტრალური დოპლერით შესწავლა, ასევე გამოიყენება ფილტვის არტერიაში წნევის რაოდენობრივი შეფასებისათვის (სისტოლური წნევა). უნდა განისაზღვროს ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის მაქსიმალური სიჩქარე და ბერნულის გამარტივებული ფორმულით წნევის გრადიენტი მარჯვენა პარკუჭსა და წინაგულს შორის (თანამედროვე ექოკარდიოგრაფები ავტომატურად გამოთვლიან). ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის გაზომვას მიმართავენ უწყვეტტალღოვანი დოპლერით. ძირითადად იყენებენ აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციას. პულმონალური სტენოზის არარსებობისას, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ფილტვის არტერიაში და მარჯვენა პარკუჭში სისტოლური წნევები ტოლია. ფილტვის არტერიაში სისტოლური წნევა გამოითვლება შემდეგი ფორმულით.

 

 

სადაც: PPA - სისტოლური წნევა ფილტვის არტერიაში. PRV - სისტოლური წნევა მარჯვენა პარკუჭში. PGTV - სისტოლური წნევის გრადიენტი ტრიკუსპიდალურ სარქველზე (მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის).
PRA - სისტოლური წნევა მარჯვენა წინაგულში.

 

სურ. 19.1 პაციენტები მძიმე და მსუბუქი ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციით. ფერადი და უწყვეტტალღოვანი სპექტრალური დოპლერით გამოკვლევა, აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია და სუბკოსტალური მიდგომა (ნაკადი ღვიძლის ვენებში).

 

ვიდეო 19.1. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროგრაფია. პაციენტი ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციით.

 

ვიდეო 19.2. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროგრაფია. პაციენტი ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციით.

 


ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება (აშშ-ს ექოკარდიოგრაფიის ასოციაციის რეკომენდაციები A
SE):

 

ყურადღება უნდა მიექცეს ტრიკუსპიდალური სარქველის კარედებს. დაზიანებული კარედები, როგორც წესი მეტყველებს მძიმე რეგურგიტაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია მარჯვენა პარკუჭის, მარჯვენა წინაგულის და ქვემო ღრუ ვენის ზომები. მათი დილატაცია მეტყველებს მძიმე რეგურგიტაციაზე.

 

ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება რეგურგიტაციის ნაკადის ფართობით (ფერადი დოპლერი):

  • < 5 - მსუბუქი რეგურგიტაცია.
  • 5 დან 10-ის ჩათვლით - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) რეგურგიტაცია.
  • >10 - მძიმე რეგურგიტაცია.

ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება Vena Contracta-ს სიგანით (ფერადი დოპლერი):

მსუბუქი და ზომიერი რეგურგიტაციისას არ ისაზღვრება. მძიმე რეგურგიტაციისას >0,7-ზე.

 

კალკულატორი
 
   
Area reg
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 19.1.
ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება რეგურგიტაციის ნაკადის ფართობით.

 

ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება PISA-ს რადიუსით (ფერადი დოპლერი):

  • 0,5 - მსუბუქი რეგურგიტაცია.
  • 0,6 დან 0,9 მდე - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) რეგურგიტაცია.
  • >0,9 - მძიმე რეგურგიტაცია.

 

კალკულატორი
 
   
PISA
   
 
   
დასკვნა
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 19.2. ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება PISA-ს რადიუსით


ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება სპექტროგრამაზე ნაკადის ინტენსივობით და კონტურით  (უწყვეტტალღოვანი დოპლერი):

  • მცირე ინტენსივობის (სიმკვრივის) და პარაბოლური - მსუბუქი რეგურგიტაცია.
  • მაღალი ინტენსივობის (სიმკვრივის), სხვადასხვა ფორმის - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) რეგურგიტაცია.
  • მაღალი ინტენსივობის (სიმკვრივის), სამკუთხა ფორმის, ადრეული პიკით - მძიმე რეგურგიტაცია.

 

ტრიკუსპიდალური რეგურგიტაციის სიმძიმის შეფასება ღვიძლის ვენებში ნაკადის შესწავლით (იმპულსურტალღოვანი დოპლერი):

  • სისტოლის ფაზის უპირატესობა - მსუბუქი რეგურგიტაცია.
  • სისტოლის და დიასტოლის ფაზების გათანაბრება - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) რეგურგიტაცია.
  • ნაკადის სისტოლური რევერსია - მძიმე რეგურგიტაცია.