<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> კლინიკური ექოკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 9. მარჯვენა პარკუჭი


მარჯვენა პარკუჭის ფორმა არ გვაძლევს მისი ფუნქციისა და მოცულობის რაოდენობრივი გაზომვის საშუალებას (ფორმა მოგვაგონებს პირამიდას სამკუთხა ფუძით. სურ. 9.1). დღეისათვის არ არსებობს მისი მოცულობის ადექვატური განსაზღვრის მეთოდიკა.

ექოკარდიოგრაფიით უნდა შეფასდეს მარჯვენა პარკუჭის წრფივი ზომები (იხ. თავი 5), კუმშვადობა, ღრუში მოცულობის არსებობა (თრომბი, სიმსივნე და სხვ).

რაც შეეხება წნევას, ის დაახლოებით მარჯვენა წინაგულში წნევის ტოლია (იხ. თავი 10).

მარჯვენა პარკუჭის გამოკვლევა შესაძლებელია პარასტერნალური მიდგომიდან გრძელ და მოკლე ღერძზე. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან და სუბკოსტალური მიდგომიდან.

 

სურ. 9.1. მარჯვენა პარკუჭის ღრუს მოდელი


მარჯვენა პარკუჭის დილატაცია და ჰიპერტროფია:

მარჯვენა პარკუჭის გაფართოების შესასწავლად, აფასებენ მის წინა-უკანა ზომას. თუ M-მოდალური გამოკვლევით, წინა-უკანა ზომა აჭარბებს 2,5 სმ-ს, უნდა ვივარაუდოთ მისი დილატაცია.

შემდეგ შეისწავლიან ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე.  სადაც ნორმაში მარცხენა პარუჭი ზომით მეტია მარჯვენაზე, რომელსაც უკავია მცირე მოცულობა მარცხენას წინ. დილატაციისას, ექოკარდიოგრაფიულ სურათზე პარკუჭების ზომები თანაბარია ან სჭარბობს მარჯვენას ზომები (სურ. 9.2,4).

ნორმაში აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში გამოკვლევისას, მწვერვალი მთლიანად უკავია მარცხენა პარკუჭს. მისი დილატაციისას კი, მწვერვალს ნაწილობრივ ან მთლიანად მარჯვენა პარკუჭი იკავებს (სურ. 9.3,5).

ზოგჯერ აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში მარჯვენა პარკუჭი ზომით იმდენად სჭარბობს მარცხენას, რომ უკანასკნელს ექოკარდიოგრაფიულ სურათზე მხოლოდ მცირე ადგილი უკავია რკალის სახით.

მარჯვენა პარკუჭის კედლის სისქის შეფასება გართულებულია. შედარებით იოლია ჰიპერტროფიის არსებობისას.  ჰიპერტროფიისას, მისი სისქე 0.5 სმ-ზე მეტია. სისქის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი კედელი ტრაბეკულარულობით ხასიათდება. გაზომვა უმჯობესია ჩატარდეს პარასტერნალურ და სუბკოსტალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე.

 


სურ. 9.2. მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია და დილატაცია. აუტოფსიური მასალა.


სურ. 9.3. მარჯვენა პარკუჭის და წინაგულის დილატაცია. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 

სურ. 9.4. მარჯვენა პარკუჭის დილატაცია. პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი.


სურ. 9.5. მარჯვენა პარკუჭის და წინაგულის დილატაცია. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 


მარჯვენა პარკუჭის გლობალური (ზოგადი) კუმშვადობის შეფასება:

მარჯვენა პარკუჭის კუმშვადობას აფასებენ თვალით, ყოველგვარი გაზომვების გარეშე.  რადგანაც მარჯვენა პარკუჭის კედლების სისქე მცირეა, მათ შესასწავლად საჭიროა სიგნალის გაძლიერება, ზოგჯერ კი გადამწოდის გამოცვლა. გართულებულია მოსაზღვრე მდგომარეობების შეფასება.

მარჯვენა პარკუჭის M-მოდალური გამოსახულება, მიღებული პარასტერნალური პოზიციიდან, არ გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას  მის კუმშვადობაზე,  რადგან ჭრილი გადის გამომტან ტრაქტზე, რომლის კუმშვადობა მთლიანი პარკუჭის კუმშვადობას არ ასახავს. წინა კედლის კუმშვადობის და სისქის შესწავლისათვის საუკეთესოა M-მოდალური კვლევა სუბკოსტალური მიდგომიდან.

მარჯვენა პარკუჭის კუმშვადობის შეფასების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს სამკარედიანი ფიბროზული რგოლის მოძრაობის შესწავლა, ტრიკუსპიდალური წინა კარედის მიმაგრების ადგილზე. კუმშვადობის დარღვევისას, მისი მოძრაობის ამპლიტუდა შემცირებულია.


 

მარჯვენა პარკუჭის ლოკალური კუმშვადობის დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი

 

ლოკალური კუმშვადობის დარღვევას ძირითადად ადგილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტისას. მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის გამოვლენა ექოკარდიოგრაფიით სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით შესაძლებელია 20-50% შემთხვევებში.

მარჯვენა პარკუჭს ძირითადად კვებავს მარჯვენა კორონარული არტერია, ამიტომ მისი ინფარქტი უხშირესად კავშირშია მიოკარდიუმის ქვემო კედლის ინფარქტთან. ბოლო წლების კვლევებში გამოვლინდა, რომ ქვემო ლოკალიზაციის მიოკარდიუმის ინფარქტისას, შემთხვევების 40%-ში აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია.

მარჯვენა პარკუჭის გავრცელებული ინფარქტისას მაღალია ლეტელობის ხარისხი.

მარჯვენა პარკუჭის მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია მისი გაფართოება. ორგანზომილებიანი ექოკარდიგრაფიით გამოვლინდება მისი დილატაცია, წინა კედელი აკინეზიური ან დისკინეზიურია. ასევე ვლინდება მისი ფუძის მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება. სხვა ექოკარდიოგრაფიული ნიშნები ჩამოთვლილია ქვემოთ.


ძირითადი:

  • მარჯვენა პარკუჭის გაფართოება.
  • მარჯვენა პარკუჭის ლოკალური კუმშვადობის დარღვევა (აკინეზია ან დაზიანებული უბნის სხვა ტიპის დისფუნქცია).
  • მარჯვენა პარკუჭის ფუძის მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება.


დამატებითი:

  • პარკუჭთაშუა ძგიდის პარადოქსული მოძრაობა.
  • ტრიკუსპიდალური უკმარისობა.
  • მარჯვენა პარკუჭის დვრილისებრი კუნთების გაგლეჯა.
  • ფილტვის არტერიის სარქველზე რეგურგიტაციის შესწავლისას, წნევის ნახევრადვარდნის დროის შემცირება (<150 მლწმ).
  • ქვემო ღრუ ვენის გაფართოება და მისი შემცირებული ინსპირაციული კოლაფსი.
  • წინაგულთაშუა ძგიდის შეზნექა მარცხენა წინაგულში.
  • სისხლის გადასროლა მარცხნიდან მარჯვნივ ღია ოვალური სარკმელის გავლით (პაციენტებში ღია ოვალური სარკმელით).

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.