<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> კლინიკური ექოკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 3. ძირითადი მიდგომები და პოზიციები

 

 

ექოკარდიოგრაფიული კვლევით სხვადასხვა პოზიციებიდან, შესაძლებელია მიღებულ იქნას გულის უამრავი ორგანზომილებიანი სურათი. პოზიციებიდან გამოყოფენ რამოდენიმეს, რომლებიც ყველაზე ინფორმატიულია და სტანდარტული ექოკარდიოგრაფიული პოზიციები ეწოდებათ.



სტანდარტული ექოკარდიოგრაფიული პოზიციები


სტანდარტული პოზიციის მიღწევა ყველა პაციენტში გადამწოდის ერთნაირი მდებარეობით შეუძლებელია. გადამწოდი უნდა მოვათავსოთ ისე, რომ მიღწეულ იქნას გულის სტრუქტურების შესაბამისი ვიზუალიზაცია.
სტანდარტული პოზიცია არ არის გადამწოდის სტანდარტული მდებარეობა, ის გულის სტრუქტურების სტანდარტულ გამოსახულებას წარმოადგენს.

სურ. 3.1. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ძირითადი მიდგომები. a) გადამწოდის მდებარეობა ძირითადი მიდგომებისას. b) მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, გრძელი ღერძი. c) მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მოკლე ღერძი. d) აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია. e) სუბკოსტალური მიდგომა. f) სუპრასტერნალური მიდგომა.


ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა ხორციელდება შემდეგი სტანდარტული მიდგომებიდან (სურ. 3.1) :

  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა-III-V ნეკთაშორისი სივრცე, მკერდის ძვლის მარცხნივ.
  • სუბკოსტალური მიდგომა - მახვილისებრი მორჩის ქვედა მიდამო.
  • სუპრასტერნალური მიდგომა - საუღლე ფოსო.

 

გულის სივრცითი ორიენტაციისა და მისი სტრუქტურების რაოდენობრივი გაზომვისათვის, ასევე რეგიონალური და გლობალური კუმშვადობის შესასწავლად, ყველაზე ხშირად გამოიყენება აპიკალური და პარასტერნალური პოზიციები.

სუბკოსტალური მიდგომა უმეტესად გამოიყენება ბავშვებში და პაციენტებში ფილტვების ემფიზემით.

სუპრასტერნალური მიდგომა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ დიდი სისხლძარღვები.

 

სურ. 3.2. გადამწოდის მანევრირების ტიპები. 1. გადამწოდის მობრუნება. 2. გადამწოდის დახრა.


გადამწოდის ყოველი სტანდარტული მდგომარეობიდან ხორციელდება გულის სკანირება რამოდენიმე მიმართულებით, ორგანოს მოკლე და გრძელ ღერძებზე. თავიდან არეგისტრირებენ ორგანზომილებიან ექოკარდიოგრამას, ახორციელებენ გაზომვებს. არჩევნ ულტრაბგერითი სკანირების ოპტიმალურ მიმართულებას M-მოდალურ რეჟიმში გამოკვლევისათვის. შემდეგ გადადიან სხვა სტანდარტულ პოზიციაზე. გამოკვლევას ასრულებენ სხვადასხვა მიდგომებიდან რამოდენიმე დოპლერექოკარდიოგრამის ჩაწერით.

 

მარცხენა პარასტერნალური მიდგომა


პაციენტი უნდა იწვეს მარცხენა გვერდზე. მარცხენა ხელი უნდა მოთავსდეს თავთან. ასეთი მდებარეობა უზრუნველყოფს მარცხენა ფილტვის და გულის ოპტიმალურ მდებარეობას და ნეკთაშუა სივრცეების გაფართოებას. მკვლევარი იმყოფება პაციენტისგან მარცხენა ან მარჯვენა მხარეს.


მარცხენა პარასტერნალური მიდგომიდან მიიღებენ შემდეგ პოზიციებს:

  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი.
  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე.
  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოების დონეზე.
  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, პაპილარული კუნთების დონეზე.
  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელი ღერძი.

 

მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი

მარცხენა პარასტერნალური პოზიცია გრძელ ღერძზე, ძირითადად გამოიყენება გულის მარცხენა ნაწილების შესასწავლად. ამ პოზიციის მისაღებად გადამწოდი თავსდება III-IV ან V ნეკთაშუა სივრცეში, მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან, მკერდის ზედაპირის პერპენდიკულარულად (სურ. 3.4) (პაციენტებში ჭარბი წონით ხშირად უმჯობესია მოთავსდეს III ნეკთაშუა სივრცეში, ასთენიურ პაციენტებში კი ზოგჯერ საჭიროა მთავსდეს VI ნეკთაშუა სივრცეში). გადამწოდის მარკერი მიმართულია ზემოთ.

 

სურ. 3.4. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი, გადამწოდის მდებარეობა.

 

სურ. 3.4. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი, გადამწოდის მდებარეობა.

 

გულის სკანირებას ახდენენ იმ წარმოსახვითი ხაზის პარალელურად, რომელიც აერთებს მაჯვენა მხარს, მარცხენა ფერდქვეშა მიდამოსთან (სურ. 3.3.) (სკანირების სიბრტყის შესაცვლელად გადამწოდს, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს მკერდის სიბრტყის მართობულად, აბრუნებენ სხვადასხვა მიმართულებით, ისე რომ ის იყოს იმ წარმოსახვითი ხაზის პარალელურად, რომელიც აერთებს მაჯვენა მხარს, მარცხენა ფერდქვეშა მიდამოსთან).

თუ გადამწოდის მოთავსების შემდეგ გულის სტრუქტურებს ვერ ვხედავთ, ის უნდა გადავაადგილოთ მკერდის ძვლის კიდისაკენ, ან ერთი ორი ნეკთაშუა სივრცით ზემოთ ან ქვემოთ, სანამ არ მივიღებთ სასურველ გამოსახულებას (სურ. 3.8).

ამ პოზიციიდან გამოკვლევისას, ეკრანზე კარგად ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.6,7):

  • მარჯვენა პარკუჭის წინა კედელი.
  • მარჯვენა პარკუჭის ღრუ (უფრო სწორად, მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ნაწილი).
  • პარკუჭთაშუა ძგიდის ზედა და შუა ნაწილები.
  • მარცხენა პარკუჭის ღრუს ნაწილი, მწვერვალის გამოკლებით.
  • აორტა და აორტალური სარქველი (აორტის ფუძე, აღმავალი აორტა. ზოგჯერ დაღმავალი აორტის განივკვეთი).

• მიტრალური სარქველი.

• მარცხენა წინაგული.

• მარცხენა პარკუჭის უკანა კედელი.

• პერიკარდიუმის ფურცლები.


ასევე შესაძლებელია დავინახოთ:

  • დაღმავალი აორტა (განივკვეთი).
  • პაპილარული კუნთები და ქორდები.
  • კორონარული სინუსი.

 

სურ. 3.6. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი.

 

ყოველთვის ყველა სტრუქტურის კარგი ვიზუალიზაცია შესაძლებელი არ არის. უკეთესი ვიზუალიზაციისათვის და ზოგიერთი პარამეტრის კორექტულად გასაზომად, გადამწოდს ათავსებენ ისე, რომ მარცხენა პარკუჭის წინა-უკანა ზომა და მიტრალური სარქველის გაღება იყოს მაქსიმალური.

 

სურ. 3.7. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, გულის გრძელი ღერძი. ზემოთ პოზიცია, რომლიდანაც უკეთ შევისწავლით მიტრალურ სარქველს. ქვემოთ პოზიცია, რომლიდანაც უკეთ ჩანს აორტალური სარქველი.

 

აორტის და მისი სარქველის უკეთესი ვიზუალიზაციისათვის, გადამწოდს ათავსებენ ისე, რომ აორტის ფუძის და აღმავალი ნაწილის დიამეტრი იყოს მაქსიმალური.

გადამწოდთან ყველაზე ახლოს მდებარეობს პერიკარდიუმი და მარჯვენა პარკუჭის წინა კედელი. ზოგჯერ პერიკარდიუმის ფურცლებს შორის ვხედავთ ეპიკარდიულ ცხიმს, რომელსაც აქვს მარცვლოვანი სტრუქტურა და მოძრაობს მარჯვენა პარკუჭის კედელთან ერთად.

შემდეგ მოდის მარჯვენა პარკუჭისგამომტანი ტრაქტი. ქვემოთ და მარჯვნივ აორტის ფუძე და სარქველი. აორტის წინა კედელი გადადის პარკუჭთაშუა ძგიდის მემბრანოზულ ნაწილში. უკანა კედელი კი მიტრალური სარქველის წინა კარედში (მიტრალურაორტალური ფიბროზული კონტაქტი).

ამ პოზიციაში ვხედავთ აორტის სარქველის მხოლოდ ორ კარედს: მარჯვენა კორონარური და არაკორონარული კარედები. მათ ზემოთ განლაგებულია შესაბამისი ტრანსაორტალური (ვალსალვას) სინუსები.

აორტის ფუძის და აღმავალი აორტის უკან მდებარეობს მარცხენა წინაგული. მარცხენა წინაგულის უკანა კედელი ამ პოზიციაში გადამწოდიდან ყველაზე დაშორებული სტრუქტურაა.

მარცხენა წინაგულის უკან ხშირად მოსჩანს ოვალური ფორმის ექონეგატიური სტრუქტურა - დაღმავალი აორტა. ოვალურ ფორმას იწვევს კვეთის მიმართულება. მარცხენა წინაგულის უკანა კედელი გადადის ატრიოვენტრიკულურ ბორცვში და შემდეგ მარცხენა პარკუჭის უკანა კედელში.

ატრიოვენტრიკულური ბორცვის მიდამოში შესაძლოა გამოვლინდეს მრგვალი ფორმის ექონეგატიური სტრუქტურა - კორონარული სინუსი. მისი გაფართოებისას შესაძლოა ის შეცდომით მივიჩნიოთ დაღმავალ აორტად. მათი ერთმანეთისაგან გარჩევა რთული არ არის: კორონარური სინუსი მოძრაობს მიტრალურ რგოლთან ერთად, დაღმავალი აორტა კი არა.

ამ პოზიციაში, მარცხენა პარკუჭის უკანა კედელი მოსჩანს მიტრალური რგოლიდან - დვრილისებრ კუნთებამდე. მარცხენა პარკუჭის მწვერვალი ამ პოზიციიდან არ ჩანს, რადგან ის განლაგებულია რამოდენიმე ნეკთაშუა სივრცით ქვემოთ. ნორმაში სისტოლის ფაზაში, მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის ქვემოთ, შესაძლოა დავინახოთ პერიკარდიუმის ფურცლების უმნიშვნელო დაშორება და პარიეტული პერიკარდიუმი.


მარცხენა პარკუჭის უკანა კედლის წინ, განლაგებულია მარცხენა პარკუჭის ღრუ - ნორმაში ამ პოზიციაში გულის ყველაზე დიდი სტრუქტურა. მარცხენა პარკუჭის ღრუში ვხედავთ მიტრალური სარქველის წინა და უკანა კარედს. ასევე პარკუჭთაშუა ძგიდეს, რომელიც იწყება მისი მემბრანოზული ნაწილიდან.

ამ პოზიციიდან მიღებულ ერთ გამოსახულებაში, გულის ყველა სტრუქტურის იდეალური დანახვა, როგორც წესი შეუძლებელია. აღმავალი აორტის გრძელი ღერძი განლაგებულია 30 გრადუსიანი კუთხით მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძის მიმართ, ამიტომ იმისათვის რომ დავათვალიეროთ აღმავალი აორტა, აორტის ფუძე და სარქველი, საჭიროა გადამწოდის მცირედ მობრუნება. ასეთ შემთხვევაში აორტის ფუძის, აღმავალი აორტის დიამეტრი და აორტალური სარქველის კარედების გაღება იქნება მაქსიმალური (სურ. 3.7). მიტრალური სარქველის შესასწავლად გადამწოდის სიბრტყეს გადახრიან წინ და უკან მანამ, სანამ არ მიიღწევა პოზიცია, რომელშიც მიტრალური სარქველის კარედების გაღება მაქსიმალურია (სურ. 3.7).

პაპილარული კუნთები და ქორდები გამოსახულებაში არ უნდა მოხვდეს. ეს პოზიცია შეესაბამება მარცხენა პარკუჭის მაქსიმალურ წინა-უკანა ზომას, მისი ფუძის დონეზე. ორგანზომილებიან გამოსახულებას პარასტერნალური გრძელი ღერძიდან, იყენებენ ულტრაბგერითი სხივის ორიენტაციისათვის ერთგანზომილებიანი (M-მოდალური) გამოკვლევისათვის. ძირითადად სწორედ ამ პოზიციაში ტარდება M-მოდალური გამოკვლევის უდიდესი ნაწილი.

 



სურ. 3.9. მიტრალური სარქველის კარედების მოძრაობა გულის ციკლთან მიმართებაში. 2. ადრეული დისტოლური ავსების ფაზაში, წნევა მარცხენა წინაგულში აჭარბებს წნევას მრცხენა პარკუჭში და მიტრალური სარქველის კარედები იღება. წინა კარედი გადაადგილდება წინა, ხოლო უკანა_უკანა მიმართულებით. 3. შემდეგ წნევა კამერებში თანაბრდება და მიტრალური სარქველი იწყებს დახურვას. 4. სანამ სარქველი დაიხურება ბოლომდე, ადგილი აქვს მარცხენა წინაგულის სისტოლას და კარედები კვლავ იღება. 1. მარცხენა პარკუჭის სისტოლისას ატრიოვენტრიკულარული სარქველი მთლიანად იხურება.


 

ვიდეო 3.1. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი.

 

მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე

ჯერ მიიღებენ მარცხენა პარასტერნალურ პოზიციას, მოკლე ღერძზე. შემდეგ გადამწოდს მოაბრუნებენ 90 გრადუსით საათის ისრის მიმა რთულებით (სურ. 3.10). გულის სკანირებას ახდენენ იმ სიბრტყის პერპენდიკულარულად, რომელშიც ტარდებოდა გამოკვლევა პარასტერნალურ გრძელ ღერძზე (სურ. 3.12).

 

სურ. 3.4. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, გრძელი ღერძიდან მოკლე ღერძზე გადასვლა. დაშტრიხული გადამწოდი - გრძელი ღერძი. წითელი გადამწოდი - მოკლე ღერძი..

 

ზოგჯერ გადამწოდი მოთავსებულია გულმკერდის ზედაპირის მართობულად, ზოგჯერ საჭიროა მისი გადახრა ოდნავ მარჯვნივ და ზემოთ. (თუ გამოსახულება დაიკარგა, უნდა დავუბრუნდეთ მარცხენა პარასტერნალურ პოზიციას, გრძელ ღერძზე და თავიდან გავიმეოროთ ზემოთ აღწერილი მოძრაობა).

 

ამ პოზიციაში ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.13,14,15):

  • აორტალური სარქველი.
  • მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი.
  • მარჯვენა წინაგული.
  • მარცხენა წინაგული.
  • წინაგულთაშუა ძგიდე.
  • სამკარედიანი სარქველი.
  • ფილტვის არტერიის სარქველი.
  • მარცხენა და მარჯვენა კორონარული არტერია.

 

სურ. 3.13. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე.

 

სურ. 3.13. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე.

 

 

ვიდეო 3.2. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე.


გამოსახულების ცენტრში ვხედავთ აორტალური სარქველის სამ კარედს: მარჯვნივ, მარცხენა კორონარული კარედი, ზემოთ მარჯვენა კორ ონარული კარედი და ქვემოთ - არაკორონარული კარედი.

აორტის ფუძეს უნდა ჰქონდეს მრგვალი ფორმა. აორტალური სარქველის გამოსახულების ზემოთ ვხედავთ მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტს. აორტალური სარქველის მარცხნივ კი მარჯვენა წინაგულის ღრუს. აქვეა სამკარედიანი სარქველი (ამ პოზიციაში შესაძლებელია სამკარედიანი სარქველის ძგიდის და წინა კარედის დანახვა).

შემდეგ საათის ისრის საწინააღმდეგოდ განლაგებულია წინაგულთაშუა ძგიდე და მარცხენა წინაგულის ღრუ. გამომტანი ტრაქტის დისტალურად განლაგებულია ფილტვის არტერიის სარქველი და ფილტვის არტერიის ღერო. გადამწოდის მდებარეობა უნდა იყოს ისეთი, რომ აორტალური სარქველის კარედები ჩანდეს მკაფიოდ.

 

გადამწოდის პოზიციის ოდნავ შეცვლით, საშუალება გვეძლევა დავინახოთ მარცხენა კორონარული არტერიის ღერო, ზოგჯერ კი მარჯვენა კორონარული არტერიაც. მის დასანახად გადამწოდი უნდა დავხაროთ ქვემოთ (სურ. 3.14).


მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, ფილტვის არტერიის დონეზე

თუ წინა პოზიციის მიღების შემდეგ, გადამწოდს ოდნავ მოვაბრუნებთ საათის ისრის მიმართულებით, აორტის სარქველის გამოსახულება გადაინაცვლებს მარცხნივ, გამოსახულების ცენტრში კი გამოჩნდება კარგად ვიზუალიზირებადი მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი, ფილტვის არტერიის სარქველი და ფილტვის არტერიის ღერო, მის ბიფურკაციამდე - მარცხენა და მარჯვენა ფილტვის არტერიებად (სურ. 3.16).

ერთდროულად ფილტვის არტერიის სარქველის სამივე კარედის დანახვა შეუძლებელია. უფრო ხშირად ვხედავთ ფილტვის არტერიის სარქველის უკანა კარედს, ბავშვებში და მოზარდებში შესაძლებელია მარჯვენა კარედის დანახვაც. ეს პოზიცია ხშირად გამოიყენება ფილტვის არტერიაში დინების დოპლერის მეთოდით გამოკვლევისას. დინება მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში შესწავლილ უნდა იქნას ყველა პაციენტში.

 

სურ. 3.16. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. ფილტვის არტერიის გრძელი ღერძი.

 

ვიდეო 3.3. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. ფილტვის არტერიის გრძელი ღერძი.


მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოების დონეზე

პოზიცია გამოიყენება მიტრალური სარქველის და მარცხენა პარკუჭის გამოსაკვლევად. ჯერ უნდა მივიღოთ მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძზე, აორტის სარქველის დონეზე. შემდეგ სკანირების სიბრტყე დავხაროთ ქვემოთ (სურ. 3.17). გადამწოდი მივმართოთ გულის მწვერვალის მიმართულებით და გავჩერდეთ მიტრალური სარქველის ოპტიმალური გამოსახულების მიღებისას, თუ კიდევ დავხრით სიბრტყეს იმავე მიმართულებით, მივიღებთ პაპილარული კუნთების გამოსახულებას (მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი, პაპილარური კუნთების დონეზე).

 

სურ. 3.4. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, გადამწოდის მდებარეობა. გადამწოდის ქვემოთ დახრით მივიღებთ მოკლე ღერძის გამოსახულებებს.

ამ პოზიციაში ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.19)

  • მარცხენა პარკუჭი.
  • მარჯვენა პარკუჭი.
  • მიტრალური სარქველი.
  • პარკუჭთაშუა ძგიდე.

გადამწოდის ასეთი განლაგების შემთხვევაში, მონიტორზე უდიდეს ნაწილს იკავებს მარცხენა პარკუჭი, რომელსაც სწორი, მომრგვალო ფორმა აქვს და განლაგებულია მარჯვენა პარკუჭის ქვემოთ და მარჯვნივ. მის ცენტრში კარგად ვიზუალიზდება მისი წინა და უკანა კარედი. წინა კარედი უფრო გრძელია და მოძრავი, ვიდრე უკანა კარედი. გამოსახულების ზედა ნაწილში გადამწოდთან ყველაზე ახლოს განლაგებულია მარჯვენა პარკუჭის ღრუ. მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის ღრუებს შორის ვიზუალიზდება პარკუჭთაშუა ძგიდე (ნორმაში ამობურცული ნაწილით მარჯვენა პარკუჭისაკენ).

სურ. 3.19. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის დონეზე.

 

ვიდეო 3.4. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის დონეზე.

 

მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, პაპილარული კუნთების დონეზე

პოზიცია გამოიყენება მარცხენა პარკუჭის გამოსაკვლევად და მისი შუა მესამედის კუმშვადობის შესაფასებლად. გადამწოდს ათავსებენ ისევე, როგორც პარასტერნალური მიდგომისას, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძზე, მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოების დონეზე და ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს ოდნავ დახრიან ქვემოთ, ან გადამწოდს გადაადგილებენ ერთი ნეკთაშუა სივრცით ქვემოთ (სურ. 3.17,21.)

ამ მიდგომისას ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.18,20) :

  • მარცხენა პარკუჭი.
  • მარჯვენა პარკუჭი.
  • პაპილარული კუნთები.
  • პარკუჭთაშუა ძგიდე.


მარჯვენა პარკუჭს გამოსახულებაზე უკავია უფრო ნაკლები ადგილი, ვიდრე წინა პოზიციაში. გამოსახულების ცენტრში აღმოჩნდება მარცხენა პარკუჭი, რომელსაც მომრგვალო ფორმა აქვს. მის ღრუში კარგად მოსჩანს წინა-მედიალური და ქვედალატერალური პაპილარული კუნთები.

 

სურ. 3.20. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, პაპილარული კუნთების დონეზე.

 

 

ვიდეო 3.5. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა. გულის მოკლე ღერძი, პაპილარული კუნთების დონეზე.

 

მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელი ღერძი

პოზიცია გამოიყენება გულის მარჯვენა ნაწილების, ძირითადად სამკარედიანი სარქველის შესასწავლად. ყველა პაციენტში მისი მიღება შესაძლებელი არ არის. გადამწოდს ათავსებენ მკერდის ძვლის მარცხნივ, III ან IV ნეკთაშუა სივრცეში. გადამწოდი უნდა გადავაადგილოთ მკერდის ძვლის მარცხენა კიდიდან მარჯვნივ, მანამ სანამ ამის საშუალებას მოგვცემს ფილტვები. ცენტრალურ სხივს მიმართავენ ძლიერ მარჯვნივ, სამკარედიანი სარქველისაკენ. გადამწოდის სკანირების სიბრტყეს მოაბრუნებენ 15-30 გრადუსით საათის ისრის მიმართულებით (მარცხენა პარასტერნალური გრძელი ღერძის მდებარეობიდან).


ამ მიდგომისას ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3 .22):

  • მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტი.
  • მარჯვენა წინაგული.
  • სამკარედიანი სარქველი.
  • ევსტახის სარქველი.

სამკარედიანი სარქველი განლაგებულია გამოსახულების ცენტრში. მის ზემოთ და მარცხნივ - მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტი. ქვემოთ - მარჯვენა წინაგული. ხშირად ვხედავთ ევსტახის სარქველს, რომელიც განლაგებულია მარჯვენა წინაგულში ქვემო რღუ ვენის შეერთების ადგილთან. ამ პოზიციაში არ უნდა მოვახვედროთ გულის მარცხენა ნაწილები.

პოზიცია მიღებულია სწორად, თუ მის ცენტრში ვხედავთ სამკარედიან სარქველს, კარგად ჩანს მისი წინა და ძგიდის კარედები და მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის დიამეტრი მაქსიმალურია.

სურ. 3.22. მარცხენა პარასტერნალური მიდგომა, მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელი ღერძი

 

აპიკალური მიდგომა


გულის მწვერვალიდან მიიღება 4 სტანდარტული პოზიცია:

  • აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.
  • აპიკალური ორკამერიანი პოზიცია.
  • აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია.
  • აპიკალური პოზიცია, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი.

 

ამ პოზიციების მისაღებად გადამწოდს ათავსებენ მწვერვალის ბიძგის მიდამოში ან მისგან ოდნავ მარცხნივ და ქვემოთ. გადამწოდის მარკერი მიმართულია მარცხნივ (მკვლევარისაგან მარჯვენა მხარეს) ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს მიმართავენ გულის ფუძისკენ. პაციენტი წევს მარცხენა გვერდზე.


აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია

ეს პოზიცია ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის ერთ-ერთი ძირითადი პოზიციაა. ის საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გამოვიკვლიოთ მარცხენა და მარჯვენა წინაგულები და პარკუჭები, პარკუჭთაშუა და წინაგულთაშუა ძგიდეები, მიტრალური და სამკარედიანი სარქველები.

 

სურ. 3.4. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი და ხუთკამერიანი პოზიცია, გადამწოდის მდებარეობა.

 

პოზიცია გამოიყენება გულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილების შესასწავლად. ამ პოზიციაში გამოკვლევისას, ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.23,24):

 

  • მარცხენა პარკუჭი.
  • მარცხენა წინაგული.
  • მარჯვენა პარკუჭი.
  • მარჯვენა წინაგული.
  • მიტრალური სარქველი.
  • სამკარედიანი სარქველი.
  • პარკუჭთაშუა ძგიდე.
  • წინაგულთაშუა ძგიდე.

 

სურ. 3.24. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია.

 

სურ. 3.24. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია.

 

 

ვიდეო 3.6. აპიკალური მიდგომა, ოთხკამერიანი პოზიცია.


ეკრანზე ვხედავთ გულის ოთხკამერიან გამოსახულებას. წინაგულთაშუა და პარკუჭთაშუა ძგიდეები განლაგებულია ცენტრში. მათგან მარცხნივ ვიზუალიზდება მარჯვენა წინაგული და პარკუჭი, მარჯვნივ კი მარცხენა წინაგული და პარკუჭი. ამ პოზიციაში კარგად ვხედავთ ატრიოვენტრიკულური სარქველების კარედებს.
პარკუჭთაშუა ძგიდის მედიალურად განლაგებულია მიტრალური სარქველის წინა კარედი და სამკარედიანი სარქველის სეპტალური კარედი. ლატერალურად კი მიტრალური სარქველის უკანა კარედი და სამკარედიანი სარქველის წინა კარედი.

ტრიკუსპიდალური სარქველის უკანა კარედი ამ პოზიციიდან არ ჩანს. გამოსახულებაზე სამკარედიანი სარქველი განლაგებულია მიტრალური სარქველზე 5-10 მმ-ით ზემოთ. ძგიდის ნაწილს, სამკარედიანი სარქველის ძგიდის კარედსა და მიტრალური სარქველის წინა კარედს შორის, უწოდებენ წინაგულ-პარკუჭოვან ძგიდეს. ის გამოყოფს მარცხნა პარკუჭს მარჯვენა წინაგულისაგან.

აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია, მარცხენა პარკუჭის ლოკალური და გლობალური კუმშვადობის შესასწავლად, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი პოზიციაა. თუმცა მწვერვალის მიდამოს ენდოკარდიუმი, ისევე როგორც სხვა პოზიციებში, აქაც არამკაფიოდ ვიზუალიზდება. მხოლოდ ამ პოზიციაშია შესაძლებელი გულის მარჯვენა ნაწილების დილატაციაზე დარწმუნებით საუბარი.

აღსანიშნავია, რომ წინაგულთაშუა ძგიდე, ოვალური ფოსოს შუა მესამედის დონეზე, მთელ მის სიგრძეზე არ ვიზუალიზდება და ამიტომ ასეთი სურათი შესაძლებელია შეცდომით წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტად იქნას მიჩნეული.

მარცხენა პარკუჭის უკანა-ბაზალური სეგმენტების კუმშვადობის შესასწავლად სკანირების სიბრტყე უნდა გადაიხაროს ქვემოთ. ასეთ შემთხვევაში მიტრალური სარქველის ადგილს დაიკავებს მარცხენა პარკუჭის უკანა-ბაზალური ნაწილი.


აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია

აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია ოთხკამერიანი პოზიციის გარკვეული სახესხვაობაა. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ არა მარტო გულის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები, არამედ მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი, აორტალური სარქველი და აღმავალი აორტის საწყისი ნაწილები.

ეს პოზიცია ძირითადად გამოიყენება მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და აორტაში ნაკადების დოპლერის მეთოდით შესასწავლად. გადამწოდს ათავსებენ ისევე როგორც აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციისას, მაგრამ ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს დახრიან (ასწევენ) ოდნავ ზემოთ. ამ შემთხვევაში სკანირების სიბრტყე გადაკვეთს აღმავალი აორტის საწყის ნაწილებსაც.

ამ პოზიციაში ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.31):

  • მარცხენა პარკუჭი.
  • მარცხენა წინაგული.
  • მარჯვენა პარკუჭი.
  • მარჯვენა წინაგული.
  • მიტრალური სარქველი.
  • სამკარედიანი სარქველი.
  • პარკუჭთაშუა ძგიდე.
  • წინაგულთაშუა ძგიდე.
  • აორტის პროქსიმალური ნაწილი.
  • აორტის სარქველი.
  • მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი.

 

ეკრანზე გმოჩნდება ოთხივე კამერა და აგრეთვე მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი, აორტის სარქველი და აღმავალი აორტის პროქსიმალური ნაწილი, რომელიც გამოსახულებაზე წინაგულებს შორისაა განლაგებული.

 

სურ. 3.31. აპიკალური მიდგომა, ხუთკამერიანი პოზიცია.

 


ვიდეო 3.7. აპიკალური მიდგომა, ხუთკამერიანი პოზიცია.


აპიკალური ორკამერიანი პოზიცია

პოზიცია გამოიყენება ძირითადად გულის მარცხენა ნაწილების შესასწავლად - მარცხენა წინაგული, პარკუჭი და მიტრალური სარქველი. გადამწოდს ათავსებენ ისევე, როგორც აპიკალური
ოთხკამერიანი პოზიციის შემთხვევაში. შემდეგ ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს დახრიან ოდნავ მარცხნივ, შემდეგ გადამწოდს აბრუნებენ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მანამ, სანამ არ გაქრება გულის მარჯვენა ნაწილების გამოსახულება და არ დარჩება მხოლოდ მარცხენა ნაწილები (სურ. 3.25).

 

სურ. 3.27. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან გადასვლა აპიკალურ ორკამერიან პოზიციაში, გადამწოდის შემოტრიალება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და სკანირების სიბრტყის გადახრა ზემოთ.


ამ მიდგომისას ეკრანზე ვიზუალიზდება გულის შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.29,30):

  • მარცხენა პარკუჭი.
  • მარცხენა წინაგული.
  • მიტრალური სარქველი.

 

სურ. 3.29. აპიკალური მიდგომა, ორკამერიანი პოზიცია.

 

სურ. 3.29. აპიკალური მიდგომა, ორკამერიანი პოზიცია.

 

 

ვიდეო 3.8. აპიკალური მიდგომა, ორკამერიანი პოზიცია.


ამ პოზიციაში მარჯვნივ განლაგებულია მარცხენა პარკუჭის წინა კედელი და მიტრალური სარქველის წინა კარედი, მარცხნივ კი უკანა კედელი და შესაბამისად მიტრალური სარქველის უკანა კარედი.

პოზიცია მიღებულია სწორად, თუ მარცხენა პარკუჭის დიამეტრი, მიტრალური სარქველის დონეზე - მაქსიმალურია, კვეთი გადის მარცხენა პარკუჭის მწვერვალზე და გამოსახულებაზე არ ხვდება გულის მარჯვენა ნაწილები (სურ. 3.26).



აპიკალური პოზიცია, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი

ზოგჯერ ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევისას იყენებენ მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძის აპიკალურ პოზიციას. ამ პოზიციას იყენებენ მაშინ, როცა რაღაც მიზეზით გართულებულია გულის მარცხენა ნაწილების და მიტრალური სარქველის გამოკვლევა პარასტერნალური მიდგომიდან. (ძირითადად პაციენტებში აორტალური სტენოზით და ნაკლოვანებით, ნაკადის დოპლერის მეთოდებით შესასწავლად).

გადამწოდს ათავსებენ ისე, როგორც აპიკალური ორკამერიანი პოზიციის შემთხვევაში. სკანირების სიბრტყეს კი შემოატრიალებენ საათის ისრის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 30 გრადუსით.

ეკრანზე ვხედავთ მარცხენა და მარჯვენა პარკუჭს, მიტრალურ სარქველს (ორკამერიანი გული), ასევე დამატებით გამოჩნდება აორტალური სარქველის გამოსახულება და აორტის პროქსიმალური ნაწილები (სურ. 3.32).

პოზიცია მიღებულია სწორად, თუ ვხედავთ მარცხენა პარკუჭის მწვერვალს, მიტრალური სარქველის და აორტალური სარქველის კარედების მაქსიმალურ გაღებას.

 

სურ. 3.29. აპიკალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი.


სუბკოსტალური მიდგომა


ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა სუბკოსტალური მიდგომიდან, საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ქვემო ღრუ ვენა, ღვიძლის ვენები და მუცლის აორტა.

ქვემო ღრუ ვენის გამოკვლევა და მისი კოლაბირების შესწავლა სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში (ნორმაში ქვემო ღრუ ვენის დიამეტრი ღრმა ჩასუნთქვისას 50%-ით მცირდება) აუცილებელია ჩატარდეს ყველა პაციენტში. ასევე ამ პოზიციიდან შეიძლება შევისწავლოთ გულის სტრუქტურები ბავშვევბში და პაციენტებში ფლტვების ემფიზემით, ასევე პაციენტებში, რომლებშიც პარასტერნალურ და აპიკალურ პოზციებში სხვადასხვა მიზეზის გამო გულის შესწავლა გართულებულია.

პაციენტი წევს ზურგზე, მუხლებში მოხრილი ფეხებით. გადამწოდს ათავსებენ მახვილისებრი მორჩის ქვემოთ. გადამწოდის მარკერი მიმართულია მარცხნივ (მკვლევარისაგან მარჯვენა მხარეს). უკეთესი გამოსახულება მიიღება ჩასუნთქვისას სუნთქვის შეჩერებით (სურ. 3.33).

სუბკოსტალური მიდგომიდან მიიღებენ შემდეგ პოზიციებს:

  • სუბკოსტალური ოთხკამერიანი პოზიცია (გულის გრძელი ღერძი).
  • სუბკოსტალური ხუთკამერიანი პოზიცია.
  • სუბკოსტალური პოზიცია, გულის მოკლე ღერძი გულის ფუძის დონეზე.
  • სუბკოსტალური პოზიცია, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი მიტრალური სარქველის დონეზე.
  • სუბკოსტალური პოზიცია, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი პაპილარული კუნთების დონეზე.
  • სუბკოსტალური პოზიცია, მუცლის აორტის და ქვემო ღრუ ვენის გრძელი ღერძი.


სუბკოსტალური მიდგომა, გულის რძელი ღერძი (ოთხკამერიანი პოზიცია)

სუბკოსტალური მიდგომიდან გულის გრძელი ღერძის მისაღებად, ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს მიმართავენ ზემოთ და მარცხნივ (სურ. 3.33). ხშირად არის პრობლემები ამ პოზიციის მიღებისას, რადგან ის, როგორც არცერთი სხვა, საჭიროებს გადამწოდის გადახრას სხეულის ზედაპირთან კონტაქტის დაკარგვის გარეშე.

პოზიცია სწორადაა მიღებული თუ გამოსახულებაზე გვაქვს მიტრალური და ტრიკუსპიდალური სარქველების კარედების მაქსიმალური გაღება (სურ. 3.34,35).

გადამწოდის სწორად მოთავსების შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება გამოსახულება, რომელიც გვაგონებს აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციას. ეს პოზიცია ოპტიმალურია წინაგულთაშუა და პრკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების დიაგნოსტირებისათვის.

 


სურ. 3.34. სუბკოსტალური მიდგომა. გულის გრძელი ღერძი.

 

 

ვიდეო 3.9. სუბკოსტალური მიდგომა. გულის გრძელი ღერძი.

 

სუბკოსტალური ხუთკამერიანი პოზიცია

აღნიშნული პოზიცია შეიძლება მიღებულ იქნას წინა პოზიციის მიღების შემდეგ, გადამწოდის მცირე როტაციით საათის ისრის მიმართულებით. დამატებით ხდება მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის, აორტის ფუძის და მისი სარქველის ვიზუალიზაცია. მიტრალური სარქველი ამ პოზიციაში პრაქტიკულად არ ჩანს (სურ. 3.36).

პოზიცია გამოიყენება მაშინ, როცა რაღაც მიზეზის გამო აპიკალური ხუთკამერიანი პოზიციის მიღება შეუძლებელია.

სურ.3 .36. სუბკოსტალური მიდგომა, ხუთკამერიანი პოზიცია.

 

სუბკოსტალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი, გულის ფუძის დონეზე

ამ პოზიციის მისაღებად გადამწოდი უნდა მოვაბრუნოთ წინა პოზიციიდან 90 გრადუსით საათის ისრის მიმართულებით.
გამოკვლევა წარმოადგენს მარჯვენა ნაწილების, სამკარედიანი სარქველის, მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის, ფილტვის ღეროს და ფილტვის არტერიის სარქველის პარასტერნალური მიდგომიდან გამოკვლევის ალტერნატივას.

სურ. 3.38. სუბკოსტალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი, გულის ფუძის დონეზე.

 


სუბკოსტალური მიდგომა, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის დონეზე

ამ პოზიციის მისაღებად, წინა პოზიციის მიღების შემდეგ, ულტრაბგერითი სხივი უნდა დავხაროთ ოდნავ ქვემოთ. მიმართავენ მაშინ, როცა პარასტერნალური მიდგომიდან რაღაც მიზეზის გამო მიტრალური სარქველის გამოკვლევა გართულებულია (სურ. 3.37).

სურ. 3.37. სუბკოსტალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი, მიტრალური სარქველის დონეზე.

 

სუბკოსტალური პოზიცია, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი პაპილარური კუნთების დონეზე

ამ პოზიციის მისაღებად, წინა პოზიციის მიღების შემდეგ, გადამწოდი (სკანირების სიბრტყე) უნდა დავხაროთ მცირედ ქვემოთ. გამოსახულება მოგვაგონებს პარასტერნალურ პოზიციას, გულის მოკლე ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე. აღნიშნული მიდგომა გამოიყენება მაშინ, როცა რაღაც მიზეზის გამო პარასტერნალური მიდგომიდან შესაბამისი პოზიციის მიღება შეუძლებელია.


სუბკოსტალური პოზიცია, მუცლის აორტის და ქვემო ღრუ ვენის გრძელი ღერძი

ქვემო ღრუ ვენისა და მუცლის აორტის დასათვალიერებლად გადამწოდი მოთავსდება მახვილისებრი მორჩის ქვემოთ, გადამწოდის სიბრტყეს კი მიმართავენ სხეულის საგიტალური ღერძის გასწვრივ. გადამწოდის მარჯვნივ მიმართვით ათვალიერებენ ქვემო ღრუ ვენას და ღვიძლის ვენებს. მუცლის აორტას ათვალიერებენ გადამწოდის ქვემოთ და მარცხნივ მიმართვით. ეს პოზიცია ექოკარდიოგრაფიული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი პოზიციაა (ექოკარდიოგრაფიაში რუტინულ კვლევას წარმოადგენს). ის აუცილებელია ფილტვის არტერიაში წნევის განსაზღვრისათვის (ქვემო ღრუ ვენის კოლაბირება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში), ასევე მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის და ღვიძლის ვენების ვიზუალიზაციისათვის.

 

სურ. 3.4. სუბკოსტალური მიდგომა, გადამწოდის მდებარეობა. დაშტრიხული - აორტის გრძელი ღერძი. წითელი - ქვემო ღრუ ვენის გრძელი ღერძი.

 

სურ. 3.40. სუბკოსტალური მიდგომა, ქვემო ღრუ ვენის გრძელი ღერძი. RA-მარჯვენა წინაგული. IVC-ქვემო ღრუ ვენა. HV-ღვიძლის შუა ვენა.

 

 

ვიდეო 3.10. სუბკოსტალური მიდგომა, ქვემო ღრუ ვენის გრძელი ღერძი.

 


სურ. 3.39 სუბკოსტალური მიდგომა, მუცლის აორტის გრძელი ღერძი. AA -მუცლის აორტა.

 

 

ვიდეო 3.11. სუბკოსტალური მიდგომა, მუცლის აორტის გრძელი ღერძი.

 

სუპრასტერნალური მიდგომა


სუპრასტერნალური მიდგომიდან მიიღებენ შემდეგ პოზიციებს:

  • სუპრასტერნალური პოზიცია. აორტის რკალის გრძელი ღერძი.
  • სუპრასტერნალური პოზიცია. აორტის რკალის მოკლე ღერძი.

 

სუპრასტერნალური მიდგომა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ აორტის რკალი, ფილტვის არტერიის მარჯვენა ტოტი და ხშირად ზედა ღრუ ვენა. პოზიცია გამოიყენება ძირითადად ამ სისხლძარღვებში ნაკადის დოპლერის მეთოდებით შესწავლისათვის.

გამოკვლევა ტარდება აორტის რკალის გრძელი და მოკლე ღერძის გასწვრივ.


სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის გრძელი ღერძი

პაციენტი წევს ზურგზე. მისი თავი მიბრუნებული უნდა იყოს 45 გრადუსით. გადამწოდს ათავსებენ საუღლე ფოსოში. გადამწოდის მარკერი მიმართული უნდა იყოს ზემოთ (სურ. 3.41). ცენტრალურ ულტრაბგერით სხივს მიმართავენ ქვემოთ ისე, რომ ეკრანზე მივიღოთ აორტის
რკალის მაქსიმალური დიამეტრი მთელს მის სიგრძეზე.

ამ პოზიციაში ეკრანზე ვიზუალიზდება შემდეგი სტრუქტურები (სურ. 3.42):

  • აღმავალი აორტა.
  • აორტის რკალი.
  • დაღმავალი აორტა.
  • ფილტვის არტერიის მარჯვენა ტოტი.
  • მარცხენა საძილე არტერია.
  • მარცხენა ლავიწქვეშა არტერია.


მონიტორზე ჩვეულებრივ ხერხდება აორტის რკალის, მისი აღმავალი (გამოსახულების მარცხენა ნაწილში), დაღმავალი (გამოსახულების მარჯვენა ნაწილში) ნაწილების და ფილტვის არტერიის მარჯვენა ტოტის ვიზუალიზება. გამოსახულების ზემოთ და მარჯვნივ შეიძლება დავინახოთ მარცხენა საძილე არტერია. ქვემოთ მარცხენა ლავიწქვეშა არტერია. აორტის რკალის ქვეშ გამოსახულების შუაში განლაგებულია მარჯვენა ფილტვის არტერია.

 

სურ. 3.4. სუპრასტერნალური მიდგომა, გადამწოდის მდებარეობა. დაშტრიხული - აორტის მოკლე ღერძი. წითელი - აორტის გრძელი ღერძი.

 

სურ. 3.42. სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის გრძელი ღერძი.


ვიდეო 3.12. სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის გრძელი ღერძი.

 

სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის მოკლე ღერძი

გადამწოდის 90-გრადუსიანი მობრუნებით შეიძლება მივიღოთ აორტის რკალის სუპრასტერნალური მოკლე ღერძი (სურ. 3.43.).


ამ პოზიციაში ეკრანზე ვიზუალიზდება შემდეგი სტრუქტურები:

  • მარჯვენა ფილტვის არტერია.
  • აორტის რკალი.

გამოსახულებაზე ხვდება აორტის რკალი მოკლე ღერძზე და მარჯვენა ფილტვის არტერია გრძელ ღერძზე.

 

სურ. 3.43. სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის მოკლე ღერძი. Arch-აორტის რკალი. RPA-მარჯვენა ფილტვის არტერია.

 

ვიდეო 3.13. სუპრასტერნალური მიდგომა, აორტის რკალის მოკლე ღერძი.

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.