კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თვი 20. პულმონარული სტენოზი

 

ფილტვის არტერიის ხვრელის სტენოზი ერთერთი ყველაზე ხშირი თანდაყოლილი მანკია. უფრო ხშირად ის იზოლირებულია, მაგრამ ზოგჯერ მასთან ერთად ასევე აღინიშნება შეძენილი სარქველქვედა სტენოზი (სარქველზედა სტენოზი შეიძლება იყოს პარკუჭთაშუა ძგიდის ინფულდიბულარული ნაწილის ჰიპერტროფიის შედეგი), თანდაყოლილი სარქველზედა სტენოზი, ფილტვის არტერიის ტოტების სტენოზები და წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტები.

სტენოზირებული პულმონარული სარქველი შეიძლება იყოს სამკარედიანი, ორკარედიანი, ერთკარედიანი ან დისპლასტიური. ფილტვის არტერიის სტენოზს ასევე შედის ფალოს ტეტრადის კომბინაციაში. შეძენილი პულმონალური სტენოზი ძალზედ იშვიათია. გვხვდება კარცინოიდული დაავადებისას, გულის სიმსივნეებისას, იშვიათია რევმატიული დაზიანებისას. პულმონალური სარქველის სტენოზის დიაგნოსტირებაში ექოკარდიოგრაფია  მნიშვნელო-ვან როლს თამაშობს. მისი დახმარებით შესაძლებელია მანკის გამოვლენა, მსჯელობა ეტიოლოგიაზე და ადექვატური მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

 


ექოკარდიოგრაფიული
ნიშნები

ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით ფილტვის არტერიის სარქველის სტენოზის დიაგნოსტირება თითქმის შეუძლებელია. ფილტვის არტერიის სარქველის უკანა კარედის მოძრაობის ანალიზით, შეიძლება გამოვლინდეს A ტალღის სიღრმის გაზრდა (სინუსური რიტმის პირობებში). ნორმაში მისი სიღრმე მცირეა, ფილტვის არტერიის სტენოზისას კი მნიშვნელოვნად იზრდება და იცვლება კარედის მოძრაობის ხასიათიც.

 

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია იზოლირებული სტენოზისას, აღმოაჩენს კარედების სისტოლურ, გუმბათისებრ დამრგვალებას, მათ გასქელებას და ერთი მიმართულებით მოძრაობას. ზოგჯერ გამოვლინდება ფილტვის ღეროს პოსტსტენოზური გაფართოება, მისი სისტოლური პულსაციის შემცირება და მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია (სურ. 20.1).

 

სურ. 20.1. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრამა, მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, აორტის სარქველის დონეზე. პაციენტი პულმონალური სტენოზით. აღინიშნება კარედების გამოხატული დეფორმაცია.

 

ფერადი დოპლეროგრაფია:

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას ფილტვის არტერიის ღეროში აღინიშნება აჩქარებული მოზაიკური ნაკადი (სურ. 20.2). აღსანიშნავია, რომ ნაკადის სიჩქარის გაზრდა შეიძლება დაფიქსირდეს ტაქიკარდიისას, მაგრამ ყველა სარქველზე. პაციენტებში მაღალი ხარისხის პულმონალური რეგურგიტაციით, ასევე აღინიშნება ფილტვის არტერიის სარქველზე ნაკადის სიჩქარის გაზრდა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სტენოზის შეცდომით დიაგნოსტირება.

 

სპექტრალური დოპლერი:

იმპულსურტალღოვანი და უწყვეტტალღოვანი დოპლერით ფილტვის არტერიის სარქველის გავლით ნაკადის ანალიზით, გამოვლინდება ისეთივე ცვლილებები, როგორც აორტალური სტენოზისას (აღინიშნება დინების სიჩქარის გაზრდა) უწყვეტტალღოვანი დოპლერით გამოითვლება წნევის მაქსიმალური გრადიენტი მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის ღეროს შორის (ბერნულის გამარტივებული ფორმულით სურ. 20.2).

PG=4V2


V-ნაკადის სიჩქარე ფილტვის არტერიის სარქველის გავლით. ნორმაში სისტოლისას წნევის გრადიენტი ფილტვის არტერიის სარქველზე არ აღემატება 10 mmHg–ს.

 

სურ. 20.2. დოპლერექოკარდიოგრამა, პაციენტი პულმონალური რეგურგიტაციით და სტენოზით. სისტოლისას რეგისტრირდება ფილტვის არტერიის მიღმა ნაკადის სიჩქარის გაზრდა, დიასტოლისას კი რეგისტრირდება რეგურგიტაციის ნაკადი იზოხაზს ზემოთ.

 

ვიდეო 20.1. პარასტერნალური მიდგომა, გულის მოკლე ღერძი. პაციენტი პულმონარული სტენოზით და რეგურგიტაციით.

 

პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასების კრიტერიუმები:

ამერიკის ექოკარდიოგრაფიის საზოგადოების რეკომენდაციებით, პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასება ძირითადად ეფუძნება ტრანსპულმონალური წნევის გრადიენტის, ასევე სტენოზური ნაკადის პიკური სიჩქარის განსაზღვრას. პლანიმეტრიულად და სხვა მეთოდებით სარქველის ხვრელის ფართობის  განსაზღვრა გართულებულია და არ მიმართავენ. წნევის გრადიენტს და ნაკადის მაქსიმალურ სიჩქარეს საზღვრავენ მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე. ასევე შესაძლოა გამოკვლევა ჩატარებულ იქნას სუბკოსტალური მიდგომიდან (ძირითადად ბავშვებში).

 

პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასება სტენოზური ნაკადის სიჩქარით:

• < 3 მ/წმ - მსუბუქი სტენოზი.
• 3 დან 4-ის ჩათვლით (მ/წმ) - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) სტენოზი.
• >4 მ/წმ - მძიმე სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
C
 
   
დასკვნა
   
   


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 20.1. პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასება სტენოზური ნაკადის სიჩქარით.

 

პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის სისტოლური გრადიენტით:

• < 36 mmHg - მსუბუქი სტენოზი.
• 36 დან 64-ის ჩათვლით (mmHg) - საშუალო სიმძიმის (ზომიერი) სტენოზი.
• >64 mmHg - მძიმე სტენოზი.

 

კალკულატორი
 
   
PG
   
 
   
დასკვნა
   
   


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 20.2. პულმონალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის სისტოლური გრადიენტით.

 

სტენოზის სიმძიმის შეფასებისას ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ხარისხს, სარქველის კარედების ცვლილებებს და პულმონალური არტერიის პოსტსტენოზურ დილატაციას.