<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> გულის იშემიური დაავადება

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 5. გაზომვები და გამოთვლები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია გვაძლევს გულის სტრუქტურების ვიზუალიზაციის საშუალებას რეალურ დროში. მისი საშუალებით შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა გაზომვები და გამოთვლები.

გაზომვების სტანდარტები რეკომენდირებულია ამერიკის ექოკარდიოგრაფიის საზოგადოების მიერ. რეკომენდირებულია გაზომვების ჩატარებისას გამოყენებულ იქნას “შიდა კიდიდან-შიდა კიდემდე” ტექნიკა.

საბოლოო დიასტოლური და საბოლოო სისტოლური მდგომარეობის განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნას მიტრალური სარქველის მოძრაობა (სადაც ეს შესაძლებელია).

საბოლოო დიასტოლური მდგომარეობის ამსახველად, მიჩნეულია კადრი, სადაც დაფიქსირებულია მიტრალური სარქველის მაქსიმალური გაღება (კადრი რომელიც წინ უსწრებს კარედების დახურვის დასაწყისს).

საბოლოო სისტოლური მდგომარეობის ამსახველად, მიჩნეულია კადრი, რომელიც წინ უსწრებს მიტრალური სარქველის კარედების გაღების დასაწყისს (ადრეული დიასტოლური ავსების ფაზის დაწყებამდე).

როცა მიტრალური სარქველის დანახვა შეუძლებელია, საბოლოო სისტოლური მდგომარეობის ამსახველად მიჩნეულია კადრი, სადაც მარცხენა პარკუჭის ზომა მინიმალურია. საბოლოო დიასტოლურ მდგომარეობად-Q კბილი ელექტროკარდიოგრამაზე.

სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია დაამახინჯოს გაზომვების და გამოთვლების სიზუსტე. ქვემოთ წარმოვადგენთ 2 ძირითად ფაქტორს:

გამოსახულების ხარისხი: დამოკიდებულია ექოკარდიოგრაფზე, მისგარჩევისუნარიანობაზე და გადამწოდის სიხშირეზე. კარგ გამოსახულებას მივიღებთ, როცა ვიყენებთ ყველაზე მაღალი სიხშირის გადამწოდს, რომელიც უზრუნველყოფს ადექვატურ პენეტრაციას. შესაძლებელია გადიდების ხარისხის და რუხი შკალის ოპტიმიზაცია.

ენდოკარდიუმის მკაფიო სურათი: ენდოკარდიუმის მკაფიო სურათის მიღება ძალიან მნიშვნელო ვანია ზუსტი გაზომვების ჩასატარებლად.

მკვლევარმა უნდა იცოდეს, რომ პარკუჭის ენდოკარდიუმი არ არის სწორი კედლის მქონე. ის ტრაბეკულარულობით და უსწორმასწორობით ხასიათდება. გაზომვები არ უნდა ჩატარდეს ენდოკარდიუმის მკაფიო სურათის არარსებობის პირობებში. ასეთ შემთხვევაში გვექნება მნიშვნელოვანი ცდომილებები. როცა არის მსგავსი სირთულე, უნდა ჩატარდეს ექოკარდიოგრაფია კონტრასტირებით.

 

წრფივი გაზომვები

ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია, გულის კამერების და სტრუქტურების წრფივი გაზომვების ჩასატარებლად, არჩევის მეთოდს წარმოადგენს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში უპირატესობა ენიჭება ორგანზომილებიან ექოკარდიოგრაფიას. ერთგანზომილებიან კვლევას გააჩნია რიგი ნაკლი:

  • M-მოდალური გამოკვლევის ერთგაზომილებიანი ბუნება.
  • კორექტული გაზომვისათვის სტრუქტურები პერპენდიკულარული უნდა იყოს კურსორის მიმართ.

 

ორგანზომილებიან რეჟიმში გაზომვებს იყენებენ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა გაზომვებისათვის სივრცითი ორიენტაცია უფრო მნიშვნელოვანია (მაგალითად მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გაზომვისას).
  • სტრუქტურები, რომლის გაზომვაც არის საჭირო, ვერ მიიმართება პერპენდიკულარულად კურსორის მიმართ.
  • მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის შესაფასებლად. განსაკუთრებით რეგიონალური დისფუნქციის პირობებში (M-მოდალური გამოკვლევით შეუძლებელია ყველა სეგმენტის შეფასება).

 

აწარმოებენ შემდეგ წრფივ გაზომვებს:

  • გულის კამერების წრფივი ზომები.
  • აორტის წრფივი ზომები.
  • ფილტვის არტერიის წრფივი ზომები.
  • ქვემო ღრუ ვენის წრფივი ზომები.
  • ღვიძლის ვენების წრფივი ზომები.
  • ფიბროზული რგოლების დიამეტრი.
  • მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის დიამეტრი (LVOT).
  • მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის დიამეტრი (RVOT).

 

გულის კამერების წრფივი ზომები

გულის კამერების წრფივი გაზომვა შესაძლებელია სხვადასხვა მიდგომიდან და პოზიციიდან (სურ. 5.1).

 

მარცხენა პარკუჭის წრფივი გაზომვა:

მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი შესაძლოა გაიზომოს აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან. გზომვას აწარმოებენ მწვერვალის ენდოკარდიუმიდან, მიტრალური სარქველის რგოლის ცენტრამდე. პარასტერნალურ პოზიციაში გულის მწვერვალი არ ჩანს და ამ პოზიციაში მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძის გაზომვა შეუძლებელია.

მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი შეიძლება გაიზომოს აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან და სხვადასხვა პარასტერნალური პოზიციიდან.

აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან გაზომვას აწარმოებენ ჰიპოთეტური გრძელი ღერძის მართობულად. ჰიპოთეტური (წარმოსახვითი) გრძე ლი ღერძი, წარმოსახვითი წერტილებით, უნდა დაიყოს სამ ტოლ ნაწილად და გაზომვა უნდა გახორციელდეს მონაკვეთზე, რომელიც გადის მიტრალურ რგოლთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილზე (სურ. 5.1).

მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძი, შეიძლება ასევე გაიზომოს მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე და გრძელ ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე.

პარასტერნალურ პოზიციაში მოკლე ღერძი იზომება წარმოსახვითი გრძელი ღერძის მართობულად, ქორდალურ-მიტრალური შეერთების ადგილზე, მიტრალური სარქველის დაბოლოებების დონეზე.

მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძის მნიშვნელობა, გაზომილი ამ პოზიციიდან, უფრო დიდია, ვიდრე გაზომილი აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან.

 

მარჯვენა პარკუჭის წრფივი გაზომვა:

მარჯვენა პარკუჭის გრძელი ღერძის გასაზომად ძირითადად იყენებენ აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციას. გაზომვას აწარმოებენ აპიკალური ენდოკარდიუმიდან ტრიკუსპიდალური ფიბროზული რგოლის ცენტრამდე.

მოკლე ღერძი შესაძლებელია გაიზომოს როგორც აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან, ასევე მარჯვენა პარკუჭის პარასტერნალური გრძელი ღერძიდან. აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში გაზომვას ახორციელებენ ჰიპოთეტური გრძელი ღერძის მართობულად. ჰიპოთეტური (წარმოსახვითი) გრძელი ღერძი, წარმოსახვითი წერტილებით, უნდა დაიყოს სამ ტოლ ნაწილად და გაზომვა უნდა განხორციელდეს მონაკვეთზე, რომელიც გადის ტრიკუსპიდალურ რგოლთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილზე (სურ. 5.1).

 

მარჯვენა და მარცხენა წინაგულის წრფივი გაზომვა:

წინაგულების გრძელი და მოკლე ღერძი შესაძლოა გაიზომოს აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში. გრძელი ღერძის გაზომვას აწარმოებენ ატრიოვენტრიკულური სარქველების ფიბროზული რგოლის შუა წერტილიდან, წინაგულის წინა კედლამდე.

მარჯვენა წინაგულის მოკლე ღერძის გაზომვა შესაძლებელია აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში. გაზომვას ახორციელებენ მონაკვეთზე, რომელიც არის გრძელი ღერძის მართობული და გადის მის შუა წერტილზე.

მარცხენა წინაგულის მოკლე ღერძი შესაძლოა გაიზომოს აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან, ასევე პარასტერნალური პოზიციიდან მოკლე და გრძელ ღერძზე. აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში გაზომვას ახორციელებენ მონაკვეთზე, რომელიც გადის გრძელი ღერძის მართობულად, მის შუა წერტილზე.

მარცხენა წინაგულის წრფივი გაზომვა ასევე შესაძლებელია მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, გრძელ და მოკლე ღერძზე, აორტის სარქველის დონეზე. გაზომვას აწარმოებენ აორტის უკანა კედლიდან, მარცხენა წინაგულის უკანა კედლამდე (სურ. 5.1).

 

სურ. 5.1. გლის კამერების წრფივი გაზომვები. ა) აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ბ) პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი. გ) მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. დ) მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი, აორტის სარქველის დონეზე.

 

დიდი სისხლძარღვების წრფივი გაზომვა

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია გაიზომოს შემდეგი დიდი სისხლძარღვების წრფივი ზომები:

  • აორტა.
  • ფილტვის არტერია და მისი ტოტები.
  • ქვემო ღრუ ვენა.
  • ღვიძლის ვენები.

 

აორტის წრფივი ზომები:

აორტა შეიძლება გაიზომოს სხვადასხვა დონეზე (სურ. 5.2,3):

  • აორტის ფიბროზული რგოლი.
  • ტრანსაორტალური სინუსი.
  • სინოტუბულარული შეერთება.
  • აღმავალი აორტა.
  • აორტის რკალი.
  • დაღმავალი აორტა.

 

აორტა ფიბროზული რგოლის, ტრანსაორტალური სინუსის და სინოტუბულარული შეერთების დონეზე, შესაძლოა გაიზომოს პარასტერნალური პოზიციიდან, გრძელ ღერძზე.

ტრანსაორტალური სინუსი შესაძლოა ასევე გაიზომოს პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე, აორტის სარქველის დონეზე.

აორტის რკალისა და დაღმავალი აორტის ზომები შესაძლოა განისაზღვროს სუპრასტერნალური მიდგომიდან, აორტის რკალის გრძელ ღერძზე. აორტის რკალი იზომება ზედა-ქვედა სიბრტყეზე, მაშინ როცა დაღმავალი აორტა (მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის დისტალურად) იზომება წინა-უკანა სიბრტყეზე.

სურ. 5.2. აორტის წრფივი ზომები. 1. აორტის ფიბროზული რგოლი. 2. ტრანსაორტალური სინუსი. 3. სინოტუბულარი შეერთება. 4. აღმავალი აორტა.

 

სურ. 5.3. აორტის წრფივი ზომები. 1. აორტის რკალი. 2. დაღმავალი აორტა.

 

ფილტვის არტერიის წრფივი ზომები:

ფილტვის არტერიის ფიბროზული რგოლის, ფილტვის ღეროს, მარჯვენა და მარცხენა ფილტვის არტერიების გაზომვა შესაძლებელია პარასტერნალური პოზიციიდან, მოკლე ღერძზე, მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის და ფილტვის არტერიის ბიფურკაციის დონეზე, ლატერალურ-მედიალური მიმართულებით (სურ. 5.4).

სურ. 5.4. ფილტვის არტერიის წრფივი ზომები. 1. ფილტვის არტერიის ფიბროზული რგოლი. 2. ფილტვის ღერო. 3. მარცხენა ფილტვის არტერია. 4. მარჯვენა ფილტვის არტერია.

 

ქვემო ღრუ ვენის და ღვიძლის ვენების გაზომვა:

ქვემო ღრუ ვენა და ღვიძლის ვენები, შესაძლოა გაიზომოს სუბკოსტალური მიდგომიდან ქვემო ღრუ ვენის გრძელ ღერძზე. ქვემო ღრუ ვენის დიამეტრი იზომება მისი მარჯვენა წინაგულში შესვლის პროქსიმალურად. ღვიძლის ვენა-ქვემო ღრუ ვენაში შესვლის პროქსიმალურად (სურ. 5.5).

 

სურ. 5.5. ქვემო ღრუ ვენის და ღვიძლის ვენების წრფივი ზომები. HV-ღვიძლის ვენა. IVC-ქვემო ღრუ ვენა.

 

ფიბროზული რგოლების დიამეტრის გაზომვა

ფიბროზული რგოლი იზომება მეთოდით “შიდა კიდიდან-შიდა კიდემდე”. ფიბროზული რგოლის დიამეტრი შესაძლოა გაიზომოს როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზაში (სურ. 5.7).

 

მიტრალური ფიბროზული რგოლის გაზომვა:

მიტრალური რგოლის გაზომვა შესაძლებელია აპიკალური ოთხკამერიანი და აპიკალური ორკამერიანი პოზიციიდან, დიასტოლის შუა ფაზაში.

 

ტრიკუსპიდალური ფიბროზული რგოლის გაზომვა:

ტრიკუსპიდალური ფიბროზული რგოლის გაზომვა შესაძლებელია აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან. დიასტოლის შუა ფაზაში.

სურ. 5.7. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. მიტრალური და ტრიკუსპიდალური ფიბროზული რგოლის გაზომვა.

 

მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის წრფივი გაზომვა

მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტი იზომება მეთოდით “შიდა კიდიდან-შიდა კიდემდე”.

 

მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გაზომვა:

მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის (LVOT) დიამეტრის გაზომვა შესაძლებელია პარასტერნალურ პოზიციაში გულის გრძელ ღერძზე, სისტოლის ფაზაში. გაზომვა ხორციელდება აორტის წინა კედლისა და პარკუჭთაშუა ძგიდის შეერთების ადგილის შიდა კიდიდან, აორტის უკანა კედლისა და მიტრალური სარქველის წინა კარედის შეერთების ადგილის შიდა კიდემდე (სურ. 5.6).

სურ. 5.6. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გაზომვა.

 

მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გაზომვა:

მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის წრფივი გაზომვა შესაძლებელია მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გრძელი ღერძიდან და პარასტერნალური მოკლე ღერძიდან (აორტის სარქველის დონეზე, სისტოლის ფაზაში). გაზომვა წარმოებს ფილტვის არტერიის სარქველის პროქსიმალურად (სურ. 5.8).

 

სურ. 5.8. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი. ფილტვის არტერიის დონეზე. მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გაზომვა.

 

გულის სტრუქტურების ფართობის გამოთვლა

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შესაძლოა გამოითვალოს გულის შემდეგი სტრუქტურების ფართობი:

  • ფიბროზული რგოლი.
  • გულის კამერა.
  • სარქველის ხვრელი.

 

ფართობის გამოთვლის მეთოდი:

ფართობის გამოთვლა ხდება ექოკარდიოგრაფებში ჩადებული მათემატიკური ფორმულებით. ფართობი შეიძლება გამოითვალოს:

  • რადიუსით.
  • დიამეტრით.
  • გარშემოწერილობით.

 

ფართობის გამოთვლა რადიუსის მეშვეობით:

ფიბროზული რგოლის ფართობი შეიძლება გამოითვალოს მისი რადიუსის გამოყენებით.

 

ფართობის გამოთვლა დიამეტრის მეშვეობით:

ფიბროზული რგოლის ფართობი ასევე შეიძლება გამოითვალოს მისი დიამეტრის გამოყენებით.

 

ფართობის გამოთვლა გარშემოწერილობით:

გულის კამერის ფართობის გამოთვლისათვის საუკეთესოა აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. კამერის გარშემოწერილობის ტრასირებით (კონტურის შემოწერა კამერის ენდოკარდიუმის შიდა კიდის ირგვლივ) და შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

 

 

თანამედროვე ექოკარდიოგრაფებში ჩადებულია ფართობის გამოსათვლელი ფორმულები, რაც საშუალებას გვაძლევს რადიუსის, დიამეტრის ან გარშემოწერილობის ეკრანზე დაფიქსირებისას, ავტომატურად მივიღოთ სასურველი ფართობის კონკრეტული მნიშვნელობა.

 

სარქველის ხვრელის ფართობის გამოთვლა

სარქველის ხვრელის გაზომვას ახორციელებენ მის მოკლე ღერძზე, პლანიმეტრიულად (ხვრელის კიდეებს ირგვლივ შემოწერენ კონტურს).

ძირითადად მიმართავენ მიტრალური სარქველის ხვრელის გაზომვას. თეორიულად შესაძლებელია აორტის სარქველის ხვრელის გაზომვაც, მაგრამ ამის განხორციელება ხშირად გართულებულია და რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში იშვიათად იყენებენ.

ტრიკუსპიდალური და ფილტვის არტერიის სარქველის დათვალიერება მოკლე ღერძზე გართულებულია-ამიტომ მათი ხვრელის პლანიმეტრიული გაზომვა შეუძლებელია.

 

მიტრალური სარქველის ხვრელის ფართობის გაზომვა პლანიმეტრიულად:

მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე, მიტრალური სარქველის დონეზე, შესაძლებელია მიტრალური სარქველის ხვრელის პლანიმეტრიული გაზომვა (მისი კიდეების ირგვლივ ტრასირებით). ეს მეთოდი მიტრალური სტენოზის შესაფასებლად ყველაზე ზუსტად არ ითვლება და ასეთ შემთხვევებში ხშირად უპირატესობა სხვა მეთოდებს ენიჭება.

მიტრალური სტენოზის ხარისხის დასადგენად აღნიშნული მეთოდიკის გამოყენებისას, ძალიან ხშირად ადგილი აქვს ცდომილებას და სიზუსტე მკვლევარის დახელოვნებაზეა დამოკიდებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია მკვლევარის გამოცდილება დაინახოს ნამდვილი მიტრალური სარქველის ხვრელი. საქმე იმაშია, რომ მიტრალური სტენოზისას, ადგილი აქვს სარქველის კარედების დაბოლოებების შეხორცებას, რაც ქმნის სარქველის ძაბრისებრ ფორმას. ამიტომ მნიშვნელოვანია სარქველის ხვრელი გაიზომოს კარედების დაბოლოებების დონეზე და არა მის ბაზისურ ნაწილში (ბაზისურ ნაწილში გაზომვისას მივიღებთ მიტრალური სარქველის ხვრელის გადამეტებულ ზომას. სურ. 5.9).

ცდომილება ასევე შეიძლება გამოიწვიოს კარედების გასწვრივ ფიბროზმა და კალციფიკაციამ (შესაძლოა გამოიწვიოს ხვრელის ზომის შემცირებული შეფასება).

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტის გარჩევისუნარიანობას (სურ.5.10). გარჩევისუნარიანობა (აქსიალური და ლატერალური) წარმოადგენს ულტრაბგერის უნარს გაარჩიოს ორი ობიექტი, რომელიც განლაგებულია ძალიან ახლოს. ლატერალური გარჩევისუნარიანობა წარმოადგენს ულტრაბგერის უნარს გაარჩიოს ორი ობიექტი, რომელიც განლაგებულია გვერდიგვერდ და ეს დამოკიდებულია ძირითადად გადამწოდის სიხშირეზე. გადამწოდის სიხშირის შემცირება იწვევს ლატერალური გარჩევისუნარიანობის შემცირებას. ეს შემცირება დისპლეიზე გვაძლევს ლატერალური და მედიალური კომისურების “ცრუ” გაფართოებას, რასაც მოჰყვება მიტრალური სტენოზის ხარისხის გადამეტებული შეფასება. ამიტომ მიტრალური ხვრელის პლანიმეტრიული გაზომვისას მნიშვნელოვანია გადამწოდის სიხშირის ადექვატური შერჩევა.

ზემოთ აღწერილი სირთულეების მიუხედავად, გამოცდილი მკვლევარის ხელში, მიტრალური სარქველის ხვრელის გაზომვა პლანიმეტრიულად, მიტრალური სტენოზის ხარისხის შეფასებაში ერთერთ მნიშვნელოვან მეთოდად რჩება.

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით მიტრალური სარქველის ხვრელის ფართობის პლანიმეტრიულად გამზომვის მეთოდი:

  • თავიდან დისპლეიზე უნდა მივიღოთ მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, პაპილარული კუნთების დონეზე.
  • შემდეგ გადამწოდი მოვაბრუნოთ მანამ, სანამ არ გამოჩნდება მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოებები (ასეთ შემთხვევაში მიტრალური სარქველის ხვრელის ფართობი მინიმალურია). გავყინოთ გამოსახულება ადრეული დიასტოლის ფაზაში.
  • მოვახდინოთ მიტრალური სარქველის ხვრელის ტრასირება კარედების შიდა კიდეების გასწვრივ.

 

სურ. 5.9. მიტრალური სარქველის ხვრელის პლანიმეტრიული გაზომვა სხვადასხვა დონეზე. კორექტულად პლანიმეტრილი გაზომვა შესაძლებელია a) შემთხვევაში. როცა ხვრელი იზომენბა მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოების დონეზე. b) შემთხვევაში მივიღებთ სტენოზის ხარისხის არასათანადო შეფასებას.

 

სურ. 5.10. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი მიტრალური სარქველის დონეზე. მიტრალური ხვრელის ფართობის გაზომვა პლანიმეტრიულად. ეს ორი სურათი გვიჩვენებს გარჩევისუნარიანობის მნიშვნელობას მიტრალური ხვრელის ფართობის კორექტულად გამოთვლაში. გარჩევისუნარიანობა დამოკიდებულია გადამწოდის სიხშირეზე, მაღალი სიხშირის გადამწოდი ხასიათდება მაღალი გარჩევისუნარიანობით. მარცხენა სურათზე გამოყენებულია გადამწოდი სიხშირით 3,5. ეს სურათი ოპტიმალურია მიტრალური ხვრელის ფართობის გამოსათვლელად, მარჯვნივ სურათხე გამოყენებულია გადამწოდი 2,0 სიხშირით. როგორც ვხედავთ მიტრალური სარქველის ხვრელი უფრო მცირე ზომისაა ვიდრე რეალურად, ამის მიზეზია დაბალი გარჩევისუნარიანობა, რაც გამოიწვევს მიტრალური სტენოზის ხარისხის გადამეტებულ შეფასებას.

 

აორტის სარქველის ხვრელის ფართობის გაზომვა პლანიმეტრიულად:

აორტის სარქველის ხვრელს ფართობის გაზომვა, ტრანსთორაკალური ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით, საკმაოდ რთულია.

მისი გაზომვა როგორც წესი უფრო ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე მიტრალურის, შემდეგი მიზეზების გამო:

  • აორტის სარქველის ყველა კარედი იშვიათად ჩანს მკაფიოდ. შესაბამისად აორტის სარქველის ხვრელის სურათის საჭირო ხარისხით მიღება გართულებულია.
  • აორტის სარქველის ხვრელის სამკუთხა ფორმა გაზომვებისას ცდომილების პირობებს ქმნის.
  • სტენოზირებული აორტალური სარქველის სტრუქტურული დეფორმაცია ქმნის დამატებით სირთულეებს კორექტული გაზომვისათვის.
  • აორტის საშუალო სიმძიმისა და მძიმე სტენოზი, ერთმანეთისაგან მხოლოდ 0,25 სმ2 ფართობით განსხვავდება. შესაბამისად პატარა ცდომილებასაც კი, შეუძლია ხელი შეგვიშალოს სტენოზის სათანადო შეფასებაში.

 

ზემოხსენებული შეზღუდვების გამო, ტრანსთორკალური კვლევით, აორტის სტენოზის შეფასება, აორტის ხვრელის პლანიმეტრიული გაზომვის მეთოდით, არ არის რეკომენდირებული.

 

გულის კამერების მოცულობა

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია გულის კამერების მოცულობის განსაზღვრა. შესაძლებელია გაანგარიშებულ იქნას პარკუჭების და წინაგულების სისტოლური და დიასტოლური მოცულობები.

 

მარცხენა პარკუჭის მოცულობა

მარცხენა პარკუჭის მოცულობის გამოსათვლელად იყენებენ მის ფართობს და წრფივ ზომას. მოცულობას ზომავენ აპიკალურ ოთხკამერიან და ორკამერიან პოზიციაში. ეს ორი პოზიცია ორთოგონალურია ერთმანეთის მიმართ (60 დან 90 გრადუსამდე).

მარცხენა პარკუჭის მოცულობის გამოსათვლელად რეკომენდირებულია ორი მეთოდი:

  • სიმპსონის მოდიფიცირებული მეთოდი (დისკების მეთოდი).
  • მეთოდი “ფართობი-სიგრძე”.

 

1. მარცხენა პარკუჭის მოცულობის გამოთვლა სიმპსონის მოდიფიცირებული მეთოდით:

სიმპსონის მეთოდით პარკუჭის მოცულობის გამოთვლა დაფუძნებულია დისკების აჯამვის პრინციპზე (სურ. 5.11). ამ მეთოდით პარკუჭი იყოფა დისკების სერიად და შესაბამისი ალგორითმით გამოთვლილი პარკუჭის მოცულობა ახლოა ანგიოგრაფიით მიღებულ შედეგებთან. აღნიშნული მეთოდიკით მოცულობის გამოთვლას უზრუნველყოფს ექოკარდიოგრაფებში ჩადებული კომპიუტერული პროგრამა. მკვლევარი ახორციელებს მხოლიდ პარკუჭის ენდოკარდიუმის შიდა ზედაპირის ტრასირებას (კონტურის შემოწერა).

დისკების სიგრძე მიიღება პარკუჭის გრძელი ღერძის სიგრძის 20 თანაბარ სეგმენტად დაყოფის შედეგად. დისკების დიამეტრი იზომება 2 ორთოგონალურ ჭრილში (აპიკალური ოთხკამერიანი და ორკამერიანი პოზიცია).

გრძელი ღერძის სიგრძე ორივე პოზიციაში დაახლოებით თანაბარი უნდა იყოს. მაშინ როცა მათ სიგრძეებს შორის განსხვავება მეტია 20%-ზე, მოცულობის გაზომვის შედეგი მიღებული არ უნდა იქნას.

მოცულობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

a-დისკის დიამეტრი ერთ პოზიციაში. b-დისკის დიამეტრი მეორე პოზიციაში. L-პარკუჭის გრძელი ღერძის სიგრძე.

 

სურ. 5.11. მარცხენა პარკუჭის მოცულობის განსაზღვრა სიმპსონის მეთოდით. მარცხნივ-აპიკალური ორკამერიანი პოზიცია. მარჯვნივ-აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 

2. მარცხენა პარკუჭის მოცულობის გამოთვლა მეთოდით “ფართობი-სიგრძე”:

ამ მეთოდს იყენებენ მაშინ, როცა მხოლოდ ერთი აპიკალური პოზიციის მიღებაა შესაძლებელი (სურ. 5.12).

აღნიშნული მეთოდიკით მოცულობის გამოთვლას უზრუნველყოფს ექოკარდიოგრაფებში ჩადებული კომპიუტერული პროგრამა. მკვლევარი ახორციელებს მხოლიდ პარკუჭის ენდოკარდიუმის შიდა ზედაპირის ტრასირებას (კონტურის შემოწერა).

ქვემოთ მოყვანილია ფორმულა, რომელიც გამოიყენება ასეთი გამოთვლების ჩასატარებლად:

 

სადაც: A-მარცხენა პარკუჭის ფართობია აპიკალურ ოთხკამერიან ან ორკამერიან პოზიციაში. L-იმავე პოზიციაში პარკუჭის გრძელი ღერძის სიგრძე.

სურ. 5.12. მარცხენა პარკუჭის მოცულობის განსაზღვრა მეთოდით “ფართობი-სიგრძე”. აპიკალური ორკამერიანი პოზიცია.

 

მარჯვენა პარკუჭის მოცულობა

მიუხედავად უამრავი მცდელობისა, დღეისათვის არ არის შემუშავებული მარჯვენა პარკუჭის მოცულობის კორექტულად გამოთვლის მეთოდი. ამის მიზეზად გვევლინება მისი ირეგულარული გეომეტრია, სრულყოფილი ვიზუალიზაციის შეუძლებლობა, ცვლილებები პაციენტის პოზიციასთან მიმართებაში.

ამიტომ რუტინული ექოკარდიოგრაფიული კვლევისას, მარჯვენა პარკუჭის მოცულობის გაზომვას არ მიმართავენ.

 

წინაგულების მოცულობა

მარცხენა და მარჯვენა წინაგულების მოცულობის გამოთვლას ახორციელებენ პარკუჭების სისტოლისას, მაშინ როცა წინაგულების მოცულობები მაქსიმალურია.

მარცხენა პარკუჭის მოცულობა შესაძლებელია გამოითვალოს შემდეგ პოზიციებში:

  • აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.
  • აპიკალური ორკამერიანი პოზიცია.
  • მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გულის გრძელი ღერძი.
  • მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გულის მოკლე ღერძი, აორტის სარქველის დონეზე.

 

მარჯვენა წინაგულის მოცულობის გამოთვლა შესაძლებელია მხოლოდ აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან.

 

წინაგულების მოცულობის გამოთვლა შესაძლებელია სამი მეთოდით:

  • მეთოდი “ფართობი-სიგრძე”.
  • მეთოდი “დიამეტრი-სიგრძე”.
  • “დისკების” მეთოდი.

 

1. წინაგულის მოცულობის გამოთვლა მეთოდით “ფართობი-სიგრძე”:

ქვემოთ მოყვანილია ფორმულა, რომელიც გამოიყენება ასეთი გამოთვლების ჩასატარებლად:

 

სადაც: A-წინაგულის ფართობი ნებსმიერ შესაძლო პოზიციაში. L-იმავე პოზიციაში წინაგულის გრძელი ღერძის სიგრძე (სურ. 5.13).

 

სურ. 5.13. მარცხენა წინაგულის მოცულობის განსაზღვრა მეთოდით “ფართობი-სიგრძე”. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 

2. წინაგულის მოცულობის გამოთვლა მეთოდით “დიამეტრი-სიგრძე”

წინაგულის მოცულობის გამოთვლა ასევე შესაძლებელია წინაგულის დიამეტრის და გრძელი ღერძის სიგრძის გამოყენებით (სურ. 5.15). ქვემოთ მოყვანილია ფორმულა, რომელიც გამოიყენება ასეთი გამოთვლების ჩასატარებლად:

 

სადაც:

D-წინაგულის მოკლე ღერძი (დიამეტრი) ნებსმიერ შესაძლო პოზიციაში. L-იმავე პოზიციაში წინაგულის გრძელი ღერძის სიგრძე.

სურ. 5.14. მარცხენა წინაგულის მოცულობის განსაზღვრა სიმპსონის მეთოდით. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 

3. წინაგულების მოცულობის გამოთვლა “დისკების” მეთოდით:


სიმპსონის “დისკების” მეთოდი ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას წინაგულების მოცულობის გამოთვლისას. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი იყენებენ მხოლოდ ერთ პოზიციას (სურ. 5.14).

გრძელი ღერძის სიგრძე იყოფა გარკვეული რაოდენობის სეგმენტებად და შემდეგი ფორმულის გამოყენებით გამოითვლება წინაგულის მოცულობა:


სადაც:

a-დისკის დიამეტრი ნებისმიერ შესაძლო პოზიციაში. L-ამავე პოზიციაში წინაგულის გრძელი ღერძის სიგრძე.

 

სურ. 5.15. მარცხენა წინაგულის მოცულობის განსაზღვრა მეთოდით “დიამეტრი-სიგრძე”. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.


რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.