კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 7.1. მარცხენა პარკუჭის გაზომვები და გამოთვლები, გლობალური კუმშვადობის შეფასება

 

ექოკარდიოგრაფია გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას მარცხენა პარკუჭის ანატომიისა და ფუნქციის შესახებ. ორგანზომილებიანი, ერთგანზომილებიანი და დოპლეროკარდიოგრაფიით შესაძლებელია შევისწავლოთ მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური ფუნქცია, კედლის სისქე, კამერის მოცულობა, ნაკადები და სხვა მაჩვენებლები.

მარცხენა პარკუჭს სწავლობენ ძირითადად პარასტერნალური და აპიკალალური მიდგომიდან. გამოკვლევას იწყებენ მარცხენა პარასტერნალური პოზიციიდან გულის გრძელ და მოკლე ღერძზე.

შემდეგ აპიკალური მიდგომიდან, ოთხკამერიან და ორკამერიან პოზიციაში, ასევე  აპიკალურ გრძელ  ღერძზე. მარცხენა პარკუჭის გამოკვლევა ასევე შესაძლებელია სუბკოსტალური მიდგომიდანაც. მიღწეულ უნდა იქნას ოპტიმალური ხარისხის გამოსახულება ენდოკარდიუმის მკაფიო კონტურებით. ენდოკარდიუმის მკაფიო სურათის არარსებობას, ხშირად მოსდევს გაზომვის შეცდომები.

გაზომვების ჩატარება უმჯობესია ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით. M-მოდალური კვლევისას შესაძლოა მივიღოთ გადამეტებული შედეგები, რადგან ყოველთვის ვერ ხერხდება ისეთი მდგომარების მიღწევა, როცა ექოსიგნალი გულის სტრუქტურების პერპენდიკულარულია. თანაც ორგანზომილებიანი კვლევისას მარცხენა პარკუჭის მხოლოდ გარკვეული ნაწილის შესწავლაა შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა განისაზღვროს მარცხენა პარკუჭის მოცულობა. მარცხენა პარკუჭის ღრუს ზომების შესწავლისას, უმჯობესია გავითვალისწინოთ მისი მოცულობა და არა წრფივი ზომები (იხ. თავი “გაზომვები და გამოთვლები”).

ასევე შესწავლილ უნდა იქნას მარცხენა პარკუჭის ფორმა (როგორც ცნობილია სფერული ფორმა დამახასიათებელია დილატაციური კარდიომიოპათიისათვის. ასევე ფორმის შესწავლით შეიძლება გამოვლინდეს მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა და მისი ფორმის სხვა ცვლილებები გამოწვეული იშემიური დაავადებით და სხვ.)

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით და სპექტრალური დოპლერით  შევისწავლით მარცხენა პარკუჭის ლოკალურ და გლობალურ კუმშვად ფუნქციას.

 


მარცხენა პარკუჭის გლობალური სისტოლური ფუნქცია


არსებობს სხვადასხვა მეთოდი ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით მარცხენა პარკუჭის გლობალური კუმშვადობის შესაფასებლად.

მარცხენა პარკუჭის მოცულობების და წრფივი ზომების გაანგარიშებით, შესაძლებელია შეფასდეს მისი გლობალური სისტოლური ფუნქცია.

შეფასებისათვის გამოიყენება შემდეგი გამოთვლები:

  • განდევნის ფრაქცია.
  • ფრაქციული დამოკლება.
  • დარტყმითი მოცულობა.
  • წუთმოცულობა.
  • გულის ინდექსი.


განდევნის ფრაქცია:

განდევნის ფრაქცია წარმოადგენს სისტოლისას მარცხენა პარკუჭის მოცულობის პროცენტულ ცვლილებას  (დიასტოლასთან მიმართებაში).

განდევნის ფრაქციის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

 


სადაც: LVEDV - მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა. LVESV - მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური მოცულობა.


აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ საკმაოდ მაღალი სიზუსტით დაადგინონ განდევნის ფრაქციის მნიშვნელობა ვიზუალურად, თუმცა მხოლოდ ვიზუალური მეთოდით ფრაქციის შეფასება არ არის რეკომენდირებული.

 

 

სიმულაცია 7.1.1 ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography გამოყენებით: www.MyEchocardiography.com. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის (EF%, Single plane), დარტყმითი მოცულობის (SV), წუთმოცულობის (CO) და გულის ინდექსის (CI) გამოთვლა.

 


ფრაქციული დამოკლება:

ფრაქციული დამოკლება წარმოადგენს მარცხენა პარკუჭის წრფივი ზომის (დიამეტრი) პროცენტულ ცვლილებას სისტოლისას (დიასტოლასთან მიმართებაში).

ფრაქციული დამოკლების გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

 


სადაც: LVEDD - მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წრფივი ზომა მოკლე ღერძზე. LVESD - მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური წრფივი ზომა მოკლე ღერძზე.


დარტყმითი მოცულობა:

დარტყმითი მოცულობა წარმოადგენს გულის ერთი ციკლის განმავლობაში გადასროლილი სისხლის მოცულობას.

გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

 



სადაც: LVEDV - მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა. LVESV - მარცხენა პარკუჭის საბოლოო სისტოლური მოცულობა.


მარცხენა პარკუჭის დარტყმითი მოცულობა ასევე შეიძლება შესწავლილ იქნას სპექტრალური დოპლერის გამოყენებით. ამისათვის უნდა განისაზღვროს ნაკადის წრფივი სიჩქარის ინტეგრალი და განისაზღვროს სისხლძარღვის (სადაც ადგილი აქვს აღნიშნულ ნაკადს) განივკვეთის ფართობი. წრფივი სიჩქარის ინტეგრალი შეადგენს მანძილს რომელსაც გადის დარტყმითი მოცულობა სისტოლისას. ნაკადის ტრასირებით სპექტრალურ დოპლერზე, შესაძლებელია მისი ავტომატური გამოთვლა.

დარტყმითი მოცულობა შეადგენს ამ ორი სიდიდის ნამრავლს.

 

წუთმოცულობა:

წუთმოცულობა წარმოადგენს გულის მიერ ერთი წუთის განმავლობაში გადასროლილი სისხლის მოცულობას.

გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:

 

 

სადაც : CO-წუთმოცულობა. SV-დარტყმითი მოცულობა. HR-გულისცემის სიხშირე.


გულის ინდექსი:

გულის ინდექსი წარმოადგენს წუთმოცულობის შეფარდებას სხეულის ზედაპირის ფართობთან.

 



სადაც: Cl-გულის ინდექსი. CO-წუთმოცულობა. BSA -სხეულის ზედაპირის ფართობი.


სხეულის ზედაპირის ფართობი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

 

სადაც: M-სხეულის მასსა (კილოგრამებში). H-სიმაღლე (სანტიმეტრებში).


მარცხენა პარკუჭის მასსა

ხანგრძლივი დროის განმავლობაში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიაზე საუბრობდნენ მისი კედლის სისქის მიხედვით. ასიმეტრიული ჰიპერტროფიის კრიტერიუმს წარმოადგენს პარკუჭთაშუა ძგიდის სისქის შეფარდება მარცხენა პარკუჭის უკანა კედელთან.

ასეთი გაზომვები ჰიპერტროფიაზე ირიბად საუბრობენ და ზოგჯერ შესაძლოა შეცდომამდე მიგვიყვანონ. მაგალითად ჰიპოვოლემიისას, როცა მარცხენა პარკუჭის ავსება შემცირებულია, დიასტოლისას შესაძლოა გაიზარდოს მიოკარდიუმის სისქე, მისი ნორმალური მასის პირობებში. პირიქით-მარცხენა პარკუჭის დილატაციისას, კედლის სისქე შეიძლება იყოს შემცირებული მიოკარდიუმის გაზრდილი მასის პირობებში. ამიტომ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის გამოსავლენად აუცილებლად უნდა განისაზღვროს მისი მიოკარდიუმის მასსა.

მარცხენა პარკუჭის მასსა შეიძლება გამოითვალოს როგორც ერთგანზომილებიანი, ასევე ორგანზომილებიანი კვლევით.

ასეთ შემთხვევებში უპირატესობა ენიჭება ორგანზომილებიან ექოკარდიოგრაფიას. ამერიკის ექოკარდიოგრაფიის საზოგადოება (ASE) მარცხენა პარკუჭის მასის გამოსათვლელად რეკომენდაციას უწევს შემდეგი 2 მეთოდის გამოყენებას (ორგანზომილებიანი კვლევა):

  • მეთოდი “ფართობი-სიგრძე”.
  • “წაკვეთილი ელიფსის” მეთოდი.

 

მეთოდი “ფართობი-სიგრძე”

“ფართობი-სიგრძე” მეთოდის გამოყენებისას, მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის მასსა გამოითვლება მიოკარდიუმის ფართობის, მიოკარდიუმის საშუალო სისქის და პარკუჭის საბოლოო-დიასტოლური სიგრძის საშუალებით.

მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის მასსა გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

 

 

A1-ეპიკარდიალური ფართობი (სმ2). A2-ენდოკარდიალური ფართობი (სმ2). L -პარკუჭის სიგრძე (სმ). t -კედლის საშუალო სისქე (სმ).


პარასტერნალურ გრძელ ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე, შემოწერენ კონტურებს ეპიკარდიუმის და ენდოკარდიუმის ირგვლივ (დიასტოლის ბოლოს). ენდოკარდიუმის ირგვლივ კონტურის შემოწერისას არ ითვალისწინებენ პაპილარულ კუნთებს.  თანამედროვე ექოკარდიოგრაფები ავტომატურად გამოთვლიან ფართობებს (A1, A2). მიოკარდიუმის ფართობი ტოლია ეპიკარდიულ პართობს მინუს ენდოკარდიული ფართობი. შემდეგ დაიანგარიშებენ t-ს. პარკუჭის მაქსიმალური სიგრძე (გრძელი ღერძი) უნდა გაიზომოს აპიკალურ ოთხკამერიან ან ორკამერიან პოზიციაში, დიასტოლის ბოლოს       (სურ. 7.1.1).

 

სურ. 7.1.1 მარცხენა პარკუჭის მასის გაანგარიშება მეთოდით “ფართობი-სიგრძე”. პარასტერნალურ გრძელ ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე, შემოწერენ კონტურებს ეპიკარდიუმის და ენდოკარდიუმის ირგვლივ. თანამედროვე ექოკარდიოგრაფები ავტომატურად დაითვლიან ფართობებს (A1, A2). შემდეგ დაიანგარიშებენ t-ს. პარკუჭის მაქსიმალური სიგრძე უნდა გაიზომოს აპიკალურ ოთხკამერიან ან ორკამერიან პოზიციაში.

 

კალკულატორი
 
   
A1 (sm)
   
A2 (sm)
   
L (sm)
   
 
   
LV Mass
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 7.1.1.
მარცხენა პარკუჭის მასის გაანგარიშება მეთოდით “ფართობი-სიგრძე”.

 

 

 

სიმულაცია 7.1.2 ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography გამოყენებით: www.MyEchocardiography.com. მარცხენა პარკუჭის მასის გაანგარიშება მეთოდით “ფართობი-სიგრძე”.

 


“წაკვეთილი ელიფსის” მეთოდი

“წაკვეთილი ელიფსის” მეთოდით მარცხენა პარკუჭის მასის გამოსათვლელად,  პარასტერნალურ გრძელ ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე, შემოწერენ კონტურებს ეპიკარდიუმის და ენდოკარდიუმის ირგვლივ. თანამედროვე ექოკარდიოგრაფები ავტომატურად გამოთვლიან ფართობებს (A1, A2). მიოკარდიუმის ფართობი ტოლია ეპიკარდიულ ფართობს მინუს ენდოკარდიული. შემდეგ დაიანგარიშებენ t-ს (სურ. 7.1.2).

შემდეგ მარცხენა პარკუჭს წარმოადგენენ როგორც წაკვეთილ ელიფსს. მისი გრძელი ღერძი დაიყოფა ორ ნაწილად, მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძის დონეზე (პარკუჭის ღრუს ყველაზე განიერი ნაწილი). გაზომავენ ორივე ნაწილის ზომას (a, d). შემდეგ განსაზღვრავენ  მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძის რადიუსს (b).

გაზომვები წარმოებს დიასტოლის ბოლოს. მონაცემებს შეიტანენ შესაბამის ფორმულაში.

 


სადაც: a-მარცხენა პარკუჭის გრძელი ნახევარღერძი (სმ). b-მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძის რადიუსი (სმ). d-მარცხენა პარკუჭის მოკლე ნახევარღერძი (სმ).t-მარცხენა პარკუჭის კედლის საშუალო სისქე (სმ).

 

 

სურ. 7.1.2 მარცხენა პარკუჭის მასის გაანგარიშება “წაკვეთილი ელიფსის” მეთოდით. პარასტერნალურ გრძელ ღერძზე, პაპილარული კუნთების დონეზე, შემოწერენ კონტურებს ეპიკარდიუმის და ენდოკარდიუმის ირგვლივ. თანამედროვე ექოკარდიოგრაფები ავტომატურად დაითვლიან ფართობებს (A1, A2). დაიანგარიშებენ t-ს. შემდეგ მარცხენა პარკუჭს წარმოადგენენ როგორც წაკვეთილ ელიფსს. მარცხენა პარკუჭის გრძელი ღერძი დაიყოფა ორ ნაწილად, მოკლე ღერძის დონეზე (პარკუჭის ღრუს ყველაზე განიერი ნაწილი. გაზომავენ ორივე ნაწილის ზომას (a, d). შემდეგ განსაზღვრავენ მარცხენა პარკუჭის მოკლე ღერძის რადიუსს (b). მონაცემებს შეიტანენ შესაბამის ფორმულაში.

 

კალკულატორი
 
   
A1 (sm)
   
A2 (sm)
   
a (sm)
   
b (sm)
   
d (sm)
   
 
   
LV Mass
   
 


ექოკარდიოგრაფიული კალკულატორი 7.1.2 ტრიკუსპიდალური სტენოზის სიმძიმის შეფასება წნევის საშუალო გრადიენტით.