<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> კლინიკური ექოკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 10. მარცხენა წინაგული


მარცხენა წინაგული ასრულებს რაზერვუარისა და დამატებითი ტუმბოს ფუნქციას. სხვადასხვა პათოლოგიისას აღინიშნება მისი დილატაცია (სურ. 10.1), ხშირად მოციმციმე არიტმიის განვითარებით და თრომბის წარმოქმნით.

მარცხენა წინაგულის გამოკვლევა შესაძლებელია სხვადასხვა პოზიციიდან (აპიკალური ორკამერიანი პოზიცია; აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია; პარასტერნალური პოზიცია გრძელი ღერძი; სუბკოსტალური მიდგომა).

მარცხენა პარასტერნალური პოზიციიდან გრძელ ღერძზე, ერთგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით, შესაძლებელია მარცხენა წინაგულის წინა-უკანა ზომის შეფასება-ეს მისი უმცირესი ზომაა.

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია მისი მოცულობის და წრფივი ზომების შეფასება (იხ. თავი 5, “გაზომვები და გამოთვლები”). მარცხენა წინაგულის კუმშვადობა და მისი კლინიკური მნიშვნელობა ნაკლებადაა შესწავლილი.

ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიით მარცხენა წინაგულში თრომბის აღმოჩენა გართულებულია. ტარანსეზოფაგური გამოკვლევით კი, საკმაოდ ხშირად აღმოჩნდება პაციენტებში მოციმციმე არიტმიით.

მარცხენა წინაგულის სიმსივნეს ძირითადად წარმოადგენს მიქსომა. მისი მიმაგრების ტიპიური ადგილია წინაგულთაშუა ძგიდე. მიქსომა როგორც წესი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს და ამიტომ აქვს კაშკაშა სტრუქტურა (სურ. 10.2,3,4).

პარასტელნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე, აორტალური სარქველის დონეზე და აპიკალური ორკამერიანი პოზიციიდან, შესაძლებელია დათვალიერდეს მარცხენა წინაგულის ყური. მისი გამოკვლევისათვის საუკეთესო მეთოდია ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია.

როგორც აღმოჩნდა, მოციმციმე არიტმიისას, ნაკადის სიჩქარე მარცხენა წინაგულის ყურში, წარმოადგენს მნიშვნელოვან პარამეტრს კარდოივერსიის გამოყენების შორეული შედეგების განსაზღვრისათვის. თუ მარცხენა წინაგულის ყურში მოციმციმე არიტმიისას დინების სიჩქარე აღემატება 40 მ/წმ-ს, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კარდიოვერსიის შემდეგ პაციენტს ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სინუსური რიტმი.

წინაგულთაშუა ძგიდის ფორმა და მისი მოძრაობა საშუალებას გვაძლევს განისაზღვროს წნევათა ფარდობა წინაგულებს შორის. ნორმაში აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში გამოკვლევისას, წინაგულთაშუა ძგიდე ან ვერტიკალურად არის განლაგებული, ან ოდნავ ჩაზნექილია მარჯვენა წინაგულის მხარეს. თუ წინაგულთაშუა ძგიდე ჩაზნექილია მარცხენა წინაგულის მხარეს, მაშინ მარჯვენა წინაგულის წნევა აჭარბებს წნევას მარცხენა წინაგულში. მათ შორის წნევათა გათანაბრებისას (მაგალითად კონსტრიქციული პერიკარდიტისას), აღინიშნება წინაგულთაშუა ძგიდის ტალღისებური მოძრაობა.


წნევის განსაზღვრა მარცხენა წინაგულში:


მიტრალური რეგურგიტაციის ნაკადის საშუალებით, შეიძლება განისაზღვროს წნევა მარცხენა წინაგულში. ამისათვის დოპლერექოკარდიოგრამაზე მიიღებენ რეგურგიტაციის ნაკადს. გაიზომება რეგურგიტაციის ნაკადის სიჩქარე და ბერნულის ფორმულით განისაზღვრება წნევის გრადიენტი (სხვაობა მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის).

შემდეგ უნდა გაიზომოს პაციენტის არტერიული წნევა. სისტოლურ არტერიულ წნევას უნდა გამოვაკლოთ წნევის სისტოლური გრადიენტი მიტრალურ სარქველზე. მიღებული შედეგი იქნება წნევა მარცხენა წინაგულში:

 

 

სადაც: PLA - წნევა მარცხენა წინაგულში. Ps - სისტოლური არტერიული წნევა. PGMV - წნევის გრადიენტი მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის.

 

სურ. 10.1. მარცხენა წინაგულის დილატაცია. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია, ფერადი დოპლერი.

 

სურ. 10.2. მარცხენა წინაგულის მიქსომის მოდელი.

 

სურ. 10.3. მარცხენა წინაგულის მიქსომა. M-მოდალური ექოკარდიოგრაფია. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი.

 

სურ. 10.4. მარცხენა წინაგულის მიქსომა. ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი.

 


ვიდეო 10.4. 1. მარცხენა წინაგულის მიქსომა. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია.

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.