<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> კლინიკური ექოკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 2. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ტექნიკა

 

ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ გულის მორფოლოგია, პათოლოგია და ფუნქცია. ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოპერატორზე და მის გამოცდილებაზე. მოითხოვს მისგან გამოკვლევის ტექნიკის, გულის ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის და ჰემოდინამიკის ზედმიწევნით კარგ ცოდნას.



კვლევის ტექნიკა


პაციენტს სპეციალური მომზადება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევის ჩასატარებლად არ სჭირდება. უკუჩვენებები არ არსებობს. გადამწოდის სიხშირის შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის აღნაგობაზე. მსუქნებში უმჯობესია გამოყენებულ იქნას გადამწოდი დაბალი სიხშირით (2-2,5 მგჰ), რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა უფრო მაღალი პენეტრაცია (შეღწევის სიღრმე). საშუალო აღნაგობის პაციენტებში სასურველია გამოყენებულ იქნას 3,0-3,75 მგჰ სიხშირის გადამწოდი. ბავშვებში იყენებენ 5 მგჰ სიხშირის გადამწოდს, ახალშობილებში 7 მგჰ.

მაღალი სიხშირე განაპირობებს გამოსახულების მაღალ ხარისხს, მაგრამ ამცირებს პენეტრაციას (შეღწევის სიღრმე). მოზრდილ პაციენტებში სასურველი სკანირების სიღრმე შეადგენს 16-20 სმ-ს. მაღალი სიხშირის გადამწოდი საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ უფრო ზედაპირულად განლაგებული სტრუქტურები.

ზოგჯერ მსუქანი პაციენტის გამოკვლევისას საჭიროა გადამწოდის შეცვლა უფრო მაღალი სიხშირის გადამწოდით (ან სიხშირის გაზრდა, თუ გვაქვს გადამწოდი ცვალებადი სიხშირით), როცა საჭიროა ახლომდებარე სტრუქტურების უკეთ გარჩევა (მაგ. 5 მგჰ სიხშირის გადამწოდის
გამოყენება მწვერვალის მიდამოში თრომბის სანახავად).

დოპლერით გამოკვლევისას უმჯობესია დაბალი სიხშირის გადამწოდის განოყენება. უმრავლეს გადამწოდებს დოპლერის რეჟიმში მუშაობისას გააჩნია უფრო დაბალი სიხშირე.

ყველა კარდიალურ გადამწოდს გააჩნია პატარა ზედაპირი, რომელიც იოლად შეიძლება მოთავსდეს ნეკნებს შორის. ყოველ გადამწოდს გააჩნია საორიენტაციო ნიშანი (მარკერი), რომელიც გვეხმარება მის კორექტულად მიმართვაში გულმკერდის ზედაპირის მიმართ.

 

სურ. 2.1. ყველა კარდიალურ გადამწოდს გააჩნია პატარა ზედაპირი, რომელიც იოლად შეიძლება მოთავსდეს ნეკნებს შორის.

 

გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს პაციენტის ნებისმიერ მდგომარეობაში, სადაც მიიღწევა სტრუქტურების ოპტიმალური ვიზუალიზაცია. უფრო ხშირად პაციენტი იმყოფება მარცხენა გვერდზე და ჰორიზონტალურ მდებარეობაში. მარცხენა ხელი ამოდებული აქვს თავთან, რაც აფართოებს ნეკთაშუა სივრცეებს, ზრდის აკუსტიკურ ფანჯარას და აიოლებს კვლევას.

სუპრა-სტერნალური გამოკვლევისას, უკეთესი ვიზუალიზაციისათვის, პაციენტის მხრებქვეშ ათავსებენ მუთაქას და თავს გადააწევინებენ უკან და გვერდზე. მკვლევარი იმყოფება პაციენტისგან მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. გამოკვლევა ტარდება პაციენტის თავისუფალი სუნთქვის პირობებში. ღრმა სუნთქვისას შესაძლოა ექოკარდიგრაფიული სურათი დამახინჯდეს.

 


სურ. 2.2. ყოველ გადამწოდს გააჩნია საორიენტაციო ნიშანი (მარკერი), რომელიც გვეხმარება მის კორექტულად მიმართვაში გულმკერდის ზედაპირის მიმართ.

 

გულის ციკლის უკეთესი შეფასებისათვის საჭიროა ერთდროულად ეკგ მონიტორინგი. თანამედროვე ექოკარდიოგრაფები გვაძლევს ამის საშუალებას. კონტაქტის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სპეციალური გელი.

 


სურ. 2.3. კონტაქტის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სპეციალური გელი.

 

 

ექოკარდიოგრაფიული კვლევით სხვადასხვა პოზიციებიდან, შესაძლებელია მიღებულ იქნას გულის უამრავი ორგანზომილებიანი სურათი. პოზიციებიდან გამოყოფენ რამოდენიმეს, რომლებიც ყველაზე ინფორმატიულია და სტანდარტული ექოკარდიოგრაფიული პოზიციები ეწოდებათ.

 

 


სურ. 2.4. უფრო ხშირად პაციენტი იმყოფება მარცხენა გვერდზე და ჰორიზონტალურ მდებარეობაში. მარცხენა ხელი ამოდებული აქვს თავთან, რაც აფართოებს ნეკთაშუა სივრცეებს .



რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.