<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> სპექტრალური დოპლერი

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 6.3 სპექტრალური დოპლეროკარდიოგრაფიული კვლევები

 

ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადი

გამოკვლევის ტექნიკა:

ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის შესასწავლად საუკეთესოა აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია, რადგან ნაკადი ასეთ შემთხვევაში პარალელურია ულტრაბგერითი სხივის მიმართ. როცა ვიკვლევთ მარცხენა პარკუჭის დიასტოლურ ფუნქციას და ავსების თავისებურებებს, იმპულსურტალღოვანი დოპლერის საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს მარცხენა პარკუჭში, გაღებული მიტრალური სარქველის კარედების დაბოლოების დონეზე (მარცხენა პარკუჭის მხარეს). როცა გვინდა გამოვიანგარიშოთ მიტრალური სარქველის მიღმა დარტყმითი მოცულობა-ფიბროზული რგოლის დონეზე (სურ. 6.3.2.5).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნაკადი მიმართულია უკანა ლატერალური მიმართულებით და არა გულის მწვერვალისაკენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ვიკვლევთ დინებას დილატირებულ მარცხენა პარკუჭში (სურ. 6.3.3)

სურ. 6.3.1. სპექტრალური დოპლერი. Ao-აორტა. AV-აორტის სარქველი. IIVRT-იზოვოლუმეტრული რელაქსაციის დრო. LA-მარცხენა წინაგულის წნევა. LV-მარცხემანა პარკუჭის წნევა. MV-მიტრალური სარქველი.

 

სურ. 6.3.2. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.3. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის მიმართულება ნორმალურ და დილატირებულ მარცხენა პარკუჭში. დილატირებულ გულში ნაკადის მიმართულების კუთხე იზრდება. ამ ფაქტის გათვალისწინება აუცილებელა სპექტრალური დოპლერით კორექტული გამოსახულების მისაღებად.

 

სურ. 6.3.4. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადი.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში ტრანსმიტრალურ ნაკადს ადგილი აქვს მხოლოდ დიასტოლის ფაზაში.

მიტრალური სარქველის მიღმა დიასტოლური ნაკადი, მიმართულია გადამწოდისაკენ და რეგისტრირდება ბაზისური ხაზის ზემოთ. ექოკარდიოგრამაზე ტრანსმიტრალურ დიასტოლურ ნაკადს აქვს ორფაზიანი ხასიათი (სურ. 6.3.4,8).

დიასტოლა შეიძლება დაიყოს 4 ფაზად. სპექტრალურ დოპლეროკარდიოგრამაზე ასახულია ყოველი ფაზა (სურ. 6.3.1):

  • იზოვოლუმეტრული მოდუნების პერიოდი.
  • ადრეული დიასტოლური ავსება.
  • დიასტაზისი.
  • წინაგულის შეკუმშვა.

 

იზოვოლუმეტრული მოდუნების პერიოდი:

იზოვოლუმეტრული მოდუნების პერიოდი, იწყება აორტალური საქველის დახურვის შემდეგ და წინ უსწრებს მიტრალური სარქველის გაღებას. ამ პერიოდში მარცხენა პარკუჭში წნევა სწრაფად მცირდება და ადგილი აქვს პარკუჭის მოდუნებას. დოპლეროკარდიოგრამაზე რეგისტრირდება დრო, რომელიც აუცილებელია მარცხენა პარკუჭის ღრუში წნევის შესამცირებლად - მარცხენა პარკუჭის იზოვოლუმეტრული მოდუნების დრო (IVRT).

დრო აორტის სარქველის დახურვიდან, მიტრალური სარქველის გაღებამდე, შესაძლებელია გამოითვალოს ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის და მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ნაკადის ერთდროულად დარეგისტრირებით. ასეთ შემთხვევაში დინება უნდა გამოვიკვლიოთ ამ ორი უბნის საზღვარზე.

 

ადრეული დიასტოლური ავსების პერიოდი:

როცა მარცხენა პარკუჭში წნევა შემცირდება და გახდება მარცხენა წინაგულის წნევაზე ნაკლები - იღება მიტრალური სარქველი და სისხლი გადადის მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში. ნაკადი ქმნის სპექტრალურ დოპლეროკარდიოგრამაზე პიკს E. წერტილში E, კამერებს შორის წნევა თანაბრდება. მას შემდეგ რაც წნევა მარცხენა პარკუჭში გადააჭარბებს წნევას მარცხენა წინაგულში, მიტრალური სარქველის კარედები იწყებენ დახურვას და თითქმის მთლიანად დაიხურებიან.

 

დიასტაზისი:

ამის შემდეგ იწყება დიასტაზისის პერიოდი. წნევა კამერებს შორის თანაბარია. დიასტაზისის განმავლობაში შესაძლებელია ვნახოთ სისხლის პასიური დინება მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში - პიკი L. პიკი L უფრო ხშირად რეგისტრირდება ბავშვებში და მოზარდებში.

 

მარცხენა წინაგულის სისტოლა:

შემდეგ ადგილი აქვს მარცხენა წინაგულის სისტოლას და დარჩენილი სისხლი გადადის მარცხენა პარკუჭში - პიკი A. გამოხატული ტაქიკარდიისას, როცა გულის შეკუმშვათა სიხშირე 90-100-ს აღწევს, პიკი A შეიძლება არ რეგისტრირდებოდეს და სპექტროგრამას ერთტალღიანი ფორმა აქვს.

E და A პიკის სიჩქარეთა ფარდობა ნორმაში 1-ზე მეტი ან ტოლია (უხშირესად 1,5-1,7-ს შეადგენს). ნორმაში პიკი E-ს სიჩქარე ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანში 1 მ/წმ-ს შეადგენს. პიკი A-სი კი 0,2-0,4 მ/წმ-ს.

იმპულსურტალღოვანი დოპლერის საშუალებით შეიძლება გაიზომოს ნაკადის შემდეგი მახასითებლები (სურ. 6.3.7):

  • AT-ნაკადის აჩქარების დრო-დრო მიტრალური სარქველის გაღებიდან, ნაკადის სიჩქარის პიკამდე.
  • DT-ნაკადის შენელების დრო - დრო ნაკადის პიკიდან, ბაზისურ ხაზამდე.
  • ET-განდევნის დრო - დრო კარედის გაღებიდან, კარედის დახურვამდე.
  • Vსაშ-ნაკადის საშუალო სიჩქარე - ყოველ 2 მლწმ-ში გაზომილი ნაკადის სიჩქარეების ჯამი, გაყოფილი გაზომვათა რიცხვზე (მ/წმ ან სმ/წმ).
  • VTI-ნაკადის წრფივი სიჩქარის ინტეგრალი. VTI = Vსაშ × ET
  • Vmax-ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე (მ/წმ ან სმ/წმ).
  • IVRT-იზოვოლუმეტრული მოდუნების დრო.
  • IVCT-იზოვოლუმეტრული შეკუმშვის დრო.

 

უწყვეტტალღოვანი დოპლეროგრაფიის მთავარი ნაკლია ის, რომ შეუძლებელია სიჩქარის შესწავლა მოცემულ წერტილში. ამიტომ უწყვეტტალღოვანი და იმპულსურტალღოვანი დოპლეროგრაფია ავსებს ერთმანეთს. იმპულსურტალღოვან რეჟიმში მონახავენ აჩქარებული ნაკადის უბანს, უწყვეტტალღოვან რეჟიმში ზომავენ მის სიჩქარეს.

 

სურ. 6.3.5. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.6. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადი.

 

სურ. 6.3.7. სტანდარტული გაზომვების სქემა იმპულსურტალღოვანი დოპლერის რეჟიმში. ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადის და მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ნაკადის მაგალითზე.

 

სისტოლური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში

გამოკვლევის ტექნიკა:

მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში (LVOT) დინების შესასწავლად, ოპტიმალური პოზიციაა - აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია. ასევე შესაძლებელია გამოკვლევა პარასტერნალურ პოზიციაში, გრძელ ღერძზე. საკონტროლო მოცულობა (გამოკვლევა ძირითადად ტარდება უწყვეტტალღოვანი დოპლერთ, რადგან ამ უბანში ნაკადის სიჩქარე მაღალია და ხშირად აჭარბებს ნაიკვისტრის ზღვარს) უნდა მოთავსდეს აორტის სარქველის პროქსიმალურად (სარქველის მარცხენა პარკუჭისაკენ მიმართულ მხარეს), სარქველიდან 5-10 მმის დაშორებით (სურ. 6. 2.9,10).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში დინებას მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში, ადგილი აქვს მხოლოდ სისტოლის ფაზაში. სისხლი მიედინება გადამწოდის საპირისპიროდ და დისპლეიზე ნაკადი განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ (სურ. 6.3.11,12).

მიტრალური სარქველის დახურვის შემდეგ, მარცხენა პარკუჭში წნევა იზრდება. მიტრალური სარქველის დახურვიდან, აორტალური სარქველის გაღებამდე პერიოდს უწოდებენ მარცხენა პარკუჭის იზოვოლუმეტრული შეკუმშვის დროს. აორტის სარქველი იღება და სისხლი გადადის მარცხენა პარკუჭიდან აორტაში. სისტოლის დასაწყისში კამერებს შორის წნევა თანაბრდება და მიიღწევა ნაკადის სიჩქარის პიკი.

შემდეგ წნევა აორტაში აჭარბებს წნევას მარცხენა პარკუჭში და აორტის სარქველის კარედები მიიხურება, ნაკადის სიჩქარე მცირდება. ნორმაში გრაფიკზე ნაკადის სიჩქარის პიკი გადაწეულია სისტოლის პირველი ნახევრისკენ. სინუსური რიტმის პირობებში, აორტალური სარქველის გაღებამდე შესაძლებელია დაფიქსირდეს წინაგულოვან-პარკუჭოვანი დიასტოლური ინტერვალი (AVDI), რომელიც შეესაბამება წინაგულის სისტოლას.

აორტაში ნაკადის სიჩქარე მცირედ მეტია, ვიდრე მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში. აორტალური სტენოზის არარსებობისას, საკმარისია შემოვიფარგლოთ მხოლოდ დინების შესწავლით მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში (ასეთ შემთხვევაში ნაკადი აღმავალ აორტაში, დიდად არ განსხვავდება ნაკადისაგან მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში).

სპექტრალური დოპლერით შესაძლებელია შევისწავლოთ ნაკადის სხვადასხვა მახასიათებელი (სურ. 6.3.7).

 

სურ. 6.3.9. აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია. ნაკადის გამოკვლევა მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.10. აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია. ნაკადის გამოკვლევა მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.11. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. სისტოლური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

სურ. 6.3.12. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. სისტოლური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

ნაკადი აღმავალ აორტაში

გამოკვლევის ტექნიკა:

აღმავალ აორტაში ნაკადს სწავლობენ აპიკალური ხუთკამერიანი და სუპრასტერნალური პოზიციიდან. საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს აორტალური სარქველის კარედებს ზემოთ (სურ. 6.3.13).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში აორტაში ნაკადს ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში. შესაძლებელია ზოგჯერ აღინიშნოს ნაკადის მცირე რევერსია. ნორმაში აორტალურ დინებას აქვს ლამინარული ხასიათი.

აპიკალური ხუთკამერიანი პოზიციიდან გამოკვლევისას, აორტალური სარქველის მიღმა სისტოლურ ნაკადს აქვს სამკუთხა ფორმა და წარმოდგენილია გადამწოდის საწინააღმდეგოდ მიმართული ერთი პიკით (V-ს მაგვარი). სპექტროგრამის ხაზიდან ქვემოთ.

მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ნაკადის სიჩქარე ნორმაში 0,8-1,0 მ/წმ-ა. აორტაში, სარქველის ზემოთ კი-1,0-1,2 მ/წმ. გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდის პირობებში ნაკადის სიჩქარე იზრდება.

სუპრასტერნალური მიდგომიდან გამოკვლევისას, ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და ფიქსირდება ბაზისური ხაზის ზემოთ. აორტის რკალთან მიახლოებისას მისი სიჩქარე მცირდება (სურ. 6.3.14,15).

 

სურ. 6.3.13. სუპრასტერნალური მიდგომა. აღმავალ აორტაში ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

სურ. 6.3.14. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ნაკადი აღმავალ აორტაში.

 

სურ. 6.3.15. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. გამოკვლევა სუპრასტერნალური მიდგომიდან. ნაკადი აღმავალ აორტაში.

 

ნაკადი დაღმავალ აორტაში

გამოკვლევის ტექნიკა:

დაღმავალ (გულმკერდის) აორტაში ნაკადის შესასწავლად, იყენებენ სუპრასტერნალურ პოზიციას, აორტის გრძელ ღერძზე. საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის შეერთებიდან 1 სმ-ით დისტალურად, შემდეგ გადაანაცვლებენ დაბლა, კურსორის გაყოლებით (სურ. 6.3.16).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნაკადი განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ. აორტის რკალიდან დაშორებისას მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად იზრდება. ნორმაში სისტოლის ბოლოს, დაღმავალ (გულმკერდის) აორტაში ადგილი აქვს დინების რევერსიას (სურ. 6.3.17,18).

 

სურ. 6.3.16. სუპრასტერნალური მიდგომა. დაღმავალ (გულმკერდის) აორტაში ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.17. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ნაკადი დაღმავალ (გულმკერდის) აორტაში.


სურ. 6.3.18. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ნაკადი დაღმავალ (გულმკერდის) აორტაში.

 

ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადი

გამოკვლევის ტექნიკა:

სამკარედიანი სარქველის გავლით ნაკადის შესწავლა უმჯობესია აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში, ან მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, მარჯვენა პარკუჭის მომტანი ტრაქტის გრძელ ღერძზე. საკონტროლო მოცულობა უნდა მოვათავსოთ ღია სამკარედიანი სარქველის კარედებს შორის, მათი დაბოლოების დონეზე, ან მარჯვენა ფიბროზული ატრიოვენტრიკულური რგოლის მიდამოში (სურ. 6.3.19,20).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში სამკარედიანი სარქველის გავლით ნაკადს ადგილი აქვს მხოლოდ დიასტოლის ფაზაში. ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და რეგისტრირდება ბაზისური ხაზის ზემოთ (სურ. 6.3.21,22).

ტრანსტრიკუსპიდალური ნაკადის დოპლერექოკარდიოგრამა განლაგებულია სპექტროგრამის ბაზისური ხაზის ზემოთ და ორფაზიანი ხასიათისაა. ის უფრო დაბალი ამპლიტუდისაა, ვიდრე ტრანსმიტრალური ნაკადის სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა და იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში (ჩასუნთქვის ფაზაში ამპლიტუდა იზრდება).

ნაკადის ფორმა გვაგონებს ტრანსმიტრალურ ნაკადს. პიკი E შეესაბამება მარჯვენა პარკუჭის სწრაფ დიასტოლურ ავსებას. პიკი A-გვიან დიასტოლურ ავსებას, ან მარჯვენა წინაგულის სისტოლას. შეიძლება დაფიქსირდეს ასევე პიკი, რომელიც შეესაბამება დიასტაზისისას მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში სისხლის პასიურ გადასვლას. ამასთან სწრაფი ავსებისას პიკური სიჩქარე (პიკი E) უხშირესად არ აღემატება 51 სმ/წმ-1-ს (0,3-0,7 მ/წმ).

50-65% შემთხვევაში, ჯანმრთელ ადამიანებში სამკარედიან სარქველზე გამოვლინდება მცირე ტურბულენტური ნაკადი, რომელიც მარჯვენა პარკუჭიდან მარჯვენა წინაგულში სისხლის ფიზიოლოგიური რეგურგიტაციითაა განპირობებული.

 

სურ. 6.3.19. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.20. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.21. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადი.


სურ. 6.3.22. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადი.

 

ნაკადი მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში

გამოკვლევის ტექნიკა:

მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში სისტოლური ნაკადის შესასწავლად, ძირითადად იყენებენ მარცხენა პარასტერნალურ პოზიციას, მოკლე ღერძზე. მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ნაკადის შესწავლისას, იმპულსურტალღოვანი დოპლერის საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს მარჯვენა პარკუჭში, ფილტვის არტერიის სარქველის კარედების ქვეშ, პულმონალური არტერიის სარქველის კარედებიდან დაახლოებით 1 სმ-ით პროქსიმალურად (სურ. 6.3.23,24).

ფილტვის არტერიაში ნაკადის შესასწავლად, იმპულსურტალღოვანი დოპლერის საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს ფილტვის არტერიის სანათურის ცენტრში, ფილტვის არტერიის სარქველიდან 1 სმ-ით დისტალურად (სურ. 6.3.26).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში ნაკადს მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში, ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში. სისტოლისას დინება მიმართულია მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვის არტერიაში, გადამწოდის საპირისპიროდ. დოპლერექოკარდიოგრამის ძირითადი ტალღა განლაგებულია სპექტროგრამის ბაზისური ხაზის ქვემოთ. ნაკადი აორტალურისაგან განსხვავებით ნაკლები ამპლიტუდისაა (0,8-1,0 მ/წმ) და აქვს მომრგვალებული მწვერვალი, პიკი შეესაბამება სისტოლის შუა პერიოდს (სურ. 6.3.25,27).

აღსანისნავია, რომ ჯანმრთელი პოპულაციის თითქმის ნახევარში, გამოვლინდება მცირე რეგურგიტაცია (დიასტოლური ნაკადი ფილტვის არტერიიდან მარჯვენა პარკუჭში). მისი ხანგძლივობა დიასტოლის 50 %-ზე ნაკლებს შეადგენს და არ უნდა აგვერიოს პათოლოგიურ რეგურგიატაციაში, რომელიც ჩვეულებრივ ჰოლოსისტოლურია.

ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და შესაბამისად რეგისტრირდება ბაზისური ხაზის ზემოთ.

 

სურ. 6.3.23. პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე. სისტოლური ნაკადის გამოკვლევა მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.24. პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე. სისტოლური ნაკადის გამოკვლევა მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.25. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. სისტოლური ნაკადი მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

სურ. 6.3.26. პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი, აორტალური სარქველის დონეზე. სისტოლური ნაკადის გამოკვლევა ფილტვის არტერიაში. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.27. სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა. სისტოლური ნაკადი მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

ნაკადის გამოკვლევა ღვიძლის ვენებში

გამოკვლევის ტექნიკა:

ღვიძლის ვენებში ნაკადის ანალიზს ახორციელებენ სუბკოსტალურ პოზიციაში, ქვემო ღრუ ვენის გრძელ ღერძზე. ამ პოზიციაში შესაძლებელია ნაკადის გამოკვლევა ღვიძლის შუა, ან მარჯვენა ვენაში. საკონტროლო მოცულობას ათავსებენ ღვიძლის ვენაში, მისი ქვემო ღრუ ვენაში ჩადინების ადგილიდან 1-2 სმ-ით პროქსიმალურად (სურ. 6.3.28).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში ღვიძლის ვენებში დინებას ადგილი აქვს როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზაში. ნაკადი შედგება სისტოლური, დიასტოლური და წინაგულოვანი ფაზებისაგან (სურ. 6.3.29,30).

სისტოლურ ფაზას ადგილი აქვს მარჯვენა წინაგულის რელაქსაციის პირობებში, მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვისას. ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპირო მხარეს და შესაბამისად დისპლეიზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ.

დიასტოლურ დინებას ადგილი აქვს მარჯვენა პარკუჭის სწრაფი დიასტოლური ავსების ფაზაში. ნაკადი უფრო დაბალი სიჩქარისაა ვიდრე სისტოლური. ეს ფაზაც განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ (ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ).

მარჯვენა წინაგულის სისტოლისას, ადგილი აქვს სისხლის რევერსიას ქვემო ღრუ და ღვიძლის ვენებში. პიკი რომელიც შეესაბამება სისხლის რევერსიას, განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ. ნაკადი მცირე სიჩქარისაა (წინაგულოვანი რევერსიის ფაზა).

ზოგჯერ ასევე ადგილი აქვს სისხლის რევერსიას რომელიც გამოწვეულია მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვით. ასეთი ნაკადი უფრო დაბალი სიჩქარისაა ვიდრე წინაგულოვანი რევერსიის. ის მიმართულია გადამწოდისაკენ და განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ.

აღსანიშნავია, რომ ღვიძლის ვენებში ნაკადი მგრძნობიარეა სუნთქვის ფაზების მიმართ. ჩასუნთქვისას, სისტოლური და დიასტოლური ფაზების სიჩქარე იზრდება. ასევე იზრდება წინაგულოვანი რევერსიის სიჩქარეც.

 

სურ. 6.3.28. ღვიძლის მარჯვენა ვენაში ნაკადის გამოკვლევა სპექტრალური დოპლერით. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.


სურ. 6.3.29. სპექტრალური დოპლერექოკარდიოგრამა. ნაკადი ღვიძლის ვენებში.

 

სურ. 6.3.30. სპექტრალური დოპლერექოკარდიოგრამა. ნაკადი ღვიძლის ვენებში.

 

ნაკადი ფილტვის ვენებში

გამოკვლევის ტექნიკა:

ტრანსთორაკალური გამოკვლევისას, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მივიღოთ ნაკადი ფილტვის ვენებში.

ამისათვის იყენებენ აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციას და საკონტროლო მოცულობას ათავსებენ ფილტვის მარჯვენა ვენაში (10-20 მმ სიღრმეში). აუცილებელია საკონტროლო მოცულობის კორექტული მოთავსება (სურ. 6.3.31,32).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში ფილტვის ვენებიდან ნაკადს ადგილი აქვს როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზაში. ის შედგება სისტოლური, დიასტოლური და წინაგულოვანი კომპონენტებისაგან (სურ. 6.3.33,34).

სისტოლური ნაკადის სიჩქარე მეტია ვიდრე დიასტოლურის, ისინი რეგისტრირდებიან ბაზისური ხაზის ზემოთ. მარცხენა წინაგულის სისტოლისას ადგილი აქვს სისხლის მცირე რევერსიას ფილტვის ვენებში. პიკი რომელიც შეესაბამება წინაგულის სისტოლას განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ. ფილტვის ვენებში დინების ანალიზს მიმართავენ სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში (კონსტრიქციული პერიკარდიტი, გულის ტამპონადა, რესტრიქციული კარდიომიოპათია და სხვ.).

 

სურ. 6.3.31. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ფილტვის ვენებში ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.32. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ფილტვის ვენებში ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.

 

სურ. 6.3.33. სპექტრალური დოპლერექოკარდიოგრამა. ნაკადი ფილტვის ვენებში.

 

სურ. 6.3.34. სპექტრალური დოპლერექოკარდიოგრამა. ნაკადი ფილტვის ვენებში.

 

ნაკადი ზემო ღრუ ვენაში

გამოკვლევის მეთოდი:

ზემო ღრუ ვენის გამოკვლევა შესაძლებელია სუპრასტერნალური მიდგომიდან. საკონტროლო მოცულობა უნდა მოთავსდეს ზემო ღრუ ვენის სიღრმეში 5-7 სმ-ით (სურ. 6.3.35).

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ზემო ღრუ ვენაში ნაკადს ადგილი აქვს როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზაში. ის ხასიათდება სამი ფაზით. სისტოლური, დიასტოლური და წინაგულოვანი რევერსიული ნაკადი. იშვიათად ადგილი აქვს დინების პარკუჭოვან რევერსიას (სურ. 6.3.36).

სისტოლურ ნაკადს ადგილი აქვს მარჯვენა წინაგულის რელაქსაციის შედეგად და სისტოლისას ტრიკუსპიდალური ფიბროზული რგოლის მწვერვალის მიმართულებით გადაადგილებისას. ნაკადი მიმართულია გადამწოდის საპირისპირო მხარეს და ამიტომ სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ.

დიასტოლურ ნაკადს ადგილი აქვს დიასტოლური სწრაფი ავსების ფაზაში, როცა სამკარედიანი სარქველი ღიაა. ის ნაკლები სიჩქარისაა, მიმართულია გადამწოდის საპირისპირო მხარეს და ამიტომ სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ქვემოთ.

ნაკადის წინაგულოვან რევერსიას ადგილი აქვს წინაგულის შეკუმშვისას (ადგილი აქვს სისხლის რეტროგრადულ დინებას ზემო ღრუ ვენაში). ის მიმართულია გადამწოდის მიმართულებით და ამიტომ სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ.

ზოგჯერ სისტოლის ფაზაში, ადგილი აქვს ზემო ღრუ ვენაში ნაკადის პარკუჭოვან რევერსიას. ჯანმრთელებში პარკუჭოვანი რევერსია შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ ამოსუნთქვის ფაზაში.

ნაკადი მიმართულია გადამწოდის მიართულებით და ამიტომ სპექტროგრამაზე განლაგებულია ბაზისური ხაზის ზემოთ.

როგორც ღვიძლის ვენებში, ასევე ზემო ღრუ ვენაში, დინების სიჩქარე იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში. ჩასუნთქვისას, სისტოლური და დიასტოლური ნაკადის სიჩქარე იზრდება. ამოსუნთქვისას აღინიშნება წინაგულოვანი რევერსიული ნაკადის სიჩქარის შემცირება, ასევე შესაძლოა ადგილი ქონდეს პარკუჭოვან რევერსიულ ნაკადს.

 

სურ. 6.3.35. სუპრასტერნალური მიდგომა. ზემო ღრუ ვენაში ნაკადის გამოკვლევა. საკონტროლო მოცულობის მდებარეობა.


სურ. 6.3.36. ზემო ღრუ ვენაში ნაკადის სპექტრალური დოპლეროკარდიოგრამა.

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.