<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 6.4 ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია

 

ფერადი დოპლეროგრაფია მნიშვნელოვნად აიოლებს მკვლევარის ამოცანას. მისი საშუალებით შესაძლებელია ნორმალური და პათოლოგიური დინებების გამოვლენა. ფერადი დოპლერი იმპულსურტალღოვნი დოპლერის ანალოგია, სადაც ნაკადის მიმართულების კარტირება სხვადასხვა ფერით ხდება. ის იმპულსურტალღოვანი დოპლერის განვითარების შედეგს წარმოადგენს. ფერადი დოპლერექოკარდიოგრაფიის გაჩენასთან ერთად გაიოლდა გულში პათოლოგიური ნაკადების გამოვლენა და შემცირდა ამაზე დასახარჯი დრო. ყველა პათოლოგიური ნაკადი იწვევს სპექტრის დამახინჯებას. მოსახერხებელია ასეთ რეჟიმში რეგურგიტაციის, გულშიდა სისხლის გადასროლის და სტენოზების დიაგნოსტირება. საშუალებას გვაძლევს სწრაფად განვსაზღვროთ ნაკადის სივრცითი ორიენტაცია.

მოზრდილებში ფერადი დოპლერით გამოკვლევისას გამოიყენება გადამწოდი 2-2,5 მგჰ. სიხშირით.

 

ფერადი დოპლეროკარდიოგრაფიის პრინციპები

ფერადი დოპლერის არსს წარმოადგენს, ორგანზომილებიან სურათზე, სხვადასხვა ფერებში კოდირებული დინების სხვადასხვა სიჩქარის დატანა.

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია გვაძლევს გულის ორგანზომილებიან სურათს, ფერადი დოპლერი კი მასზე დაადებს ფერებში კოდირებულ დოპლეროკარდიოგრამას.

ყოველი გამოსახულება შედგება 250-500 საკონტროლო მოცულობისაგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სექტორში ულტრაბგერითი სხივის გასწვრივ (სურ. 6.4.2).

ფერადი დოპლეროკარდიოგრაფიისას ერთდროულად ხდება სხვადასხვა საკონტროლო მოცულობიდან მიღებული სიგნალების ანალიზი. გამოსახულების ყოველი წერტილი (საკონტროლო მოცულობა) იღებება სხვადასხვა ფერში, ამ წერტილში ერითროციტების მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის შესაბამისად.

 

მიღებული ინფორმაცია

ფერადი დოპლერით გამოკვლევისას დისპლეიზე ვღებულობთ შემდეგ ინფორმაციას:

  • ნაკადის მიმართულება.
  • ნაკადის სიჩქარე.
  • ნაკადის ხასიათი.
  • ფერადი დოპლერის სიგნალის დრო.

 

სურ. 6.4.1. ნაკადების შეფერილობა ფერადი დოპლეროკარდიოგრაფიისას. BART-სისტემა.

 

ნაკადის მიმართულება:

ექოკარდიოგრაფების უმრავლესობაში, ნაკადი მიმართული გადამწოდისკენ, წარმოდგენილია წითელი ფერით, გადამწოდიდან-ლურჯით. ამ სისტემას ინგლისურენოვან ლიტერატურაში უწოდებენ BART-სისტემას - Blue Away, Red Toward.

 

ნაკადის სიჩქარე:

ლურჯისა და წითელის უფრო ღია შეფერილობები შეესაბამება ერითროციტების მოძრაობის უფრო მაღალ სიჩქარეებს. ასეთი ფერები განლაგებულია ფერადი დოპლერის სურათის პერიფერიაზე.

უფრო დაბალ სიჩქარეებს შეესაბამება უფრო მუქი გამოსახულება და ის ფერადი დოპლერის სურათის სიღრმეშია განლაგებული.

 

ნაკადის ხასიათი (ლამინარული, ტურბულენტური):

ლამინარული დინებისას ერითროციტები მოძრაობენ ერთი მიმართულებით და ერთი სიჩქარით. დოპლერის სურათზე ეს გამოვლინდება ერთი ფერის ჰომოგენური სურათის სახით. ტურბულენტურ ნაკადს აქვს მოზაიკური შესახედაობა, არაჰომოგენურია და შეიცავს სხვადასხვა ფერს.

 

ფერადი დოპლერის სიგნალის დრო:

ფერადი დოპლერის სიგნალის დრო ისაზღვრება პარალელურად ეკგ კვლევის ჩატარებით.

 

როგორც ფერადი, ასევე იმპულსურტალღოვანი დოპლერის რეჟიმში, როდესაც ნაკადის სიჩქარე გადააჭარბებს ნაიკვისტრის ზღვარს, ადგილი აქვს სპექტრის დამახინჯებას (ჩნდება ფერები, რომლებიც მიუთითებენ ნაკადის საწინააღმდეგო მიმართულებაზე). ნორმალური ნაკადი იმპულსურტალღოვან რეჟიმში, უფრო იშვიათად იწვევს სპექტრის დამახინჯებას, ვიდრე ფერადი დოპლერით კვლევისას. ამის მიზეზია ის, რომ ნაიკვისტრის ზღვარი ფერადი დოპლერის რეჟიმში უფრო დაბალია (რადგან ფერადი დოპლერი გვიჩვენებს საშუალო სიჩქარეს). ზოგიერთ ექოკარდიოგრაფში ტურბულენტური ნაკადის აღსანიშნავად გამოყენებულია მწვანე ფერი.

ფერადი დოპლერით კვლევისას, აუცილებელია იყოს განსაზღვრული კუთხე ულტრაბგერით სიგნალსა და ნაკადს შორის. თუ ეს კუთხე 90 გრადუსია, ეკრანზე ფიქსირდება ეგრეთწოდებული “მკვდარი ზონა”.

ფერადი დოპლერის ზოგიერთი პარამეტრი ექვემდებარება რეგულირებას: სექტორის ზომა და გაძლიერება (ამ პარამეტრების რეგულირება გვიწევს მუდმივად).

კადრების შეცვლის სიჩქარე დამოკიდებულია მხოლოდ სექტორის ზომაზე. რაც მცირეა სექტორის ზომა, მით მეტია მისი სიჩქარე (შესაბამისად მიღებული სიგნალების დამუშავებაზე იხარჯება მეტი დრო). ნაიკვისტრის ზღვარი ავტომატურად უთანაბრდება მაქსიმუმს. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად რეგურგიტაციის პროქსიმალური ზონის გაზომვისას, მისი რეგულირება საჭირო ხდება მკვლევარის მიერ.

ფერადი დოპლერით გამოკვლევას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარქვლოვანი უკმარისობისა და გულშიდა სისხლის გადასროლის გამოვლენასა და შეფასებაში, მაგრამ საჭიროა სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ მეთოდით სარქვლოვანი უკმარისობის ხარისხის დადგენას. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ ფერადი დოპლერით გამოკვლევისას, რეგურგიტაციის გამოსახულებაზე მოქმედებენ შემდეგი ფაქტორები:

 

  • ჰემოდინამიკური: წნევათა სხვადასხვაობა, დინების მოცულობა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, პრედატვირთვის და პოსტდატვირთვის ხარისხი, ნაკადის კინეტიკური ენერგია (რაც მეტია ნაკადის კინეტიკური ენერგია, მით მეტ ადგილს იკავებს ნაკადი გამოსახულებაზე). მიტრალური რეგურგიტაციისას ნაკადის კინეტიკური ენერგია მეტია, ვიდრე ტრიკუსპიდალურისას, ამიტომ მიტრალური რეგურგიტაციის ნაკადი იკავებს უფრო დიდ ფართობს გამოსახულებაზე, ვიდრე იგივე ხარისხის ტრიკუსპიდალური.
  • ექოკარდიოგრაფის პარამეტრების რეგულირება.
  • ექოკარდიოგრაფების თავისებურებება: ფერების კოდირება, ქსოვილების ამოცნობის ალგორითმები და სხვ.

 

სურ. 6.4.2. ზემოთ_გამოკვლევა იმპულსურტალღოვან რეჟიმში. დოპლერის ინფორმაცია მიღებულია ერთი საკონტროლო მოცულობით, რომელიც მოთავსებულია სკანირების ერთ ხაზზე. ქვემოთ_გამოკვლევა ფერადი დოპლერის რეჟიმში. ინფორმაცია ნაკადის საშუალო სიჩქარის შესახებ მიიღება რამოდენიმე ასეული საკონტროლო მოცულობით, რომელიც განლაგებულია სკანირების უამრავ ხაზზე.


მარცხენა წინაგულში შემავალი ნაკადის გამოკვლევა

მარცხენა წინაგულში შემავალ ნაკადს ქმნის ფილტვის 4 ვენა:

 

  • მარჯვენა-ზედა ვენა.
  • მარჯვენა-ქვედა ვენა.
  • მარცხენა-ზედა ვენა.
  • მარცხენა-ქვედა ვენა.

 

გამოკვლევის ტექნიკა:

მარცხენა წინაგულში შემავალი ნაკადის გამოკვლევა უმჯობესია აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან. შესაძლებელია ნაკადის გამოკვლევა 3 პულმონალური ვენიდან (მარჯვენა-ქვედა პულმონალური ვენა ამ პოზიციიდან კარგად არ ჩანს).

ასევე შეიძლება ნაკადის გამოკვლევა მარცხენა პარასტერნალური პოზიციიდან, მოკლე და გრძელ ღერძზე. მარცხენა პარასტერნალური პოზიციიდან, გრძელ ღერძზე, შესაძლებელია ნაკადის შესწავლა მარცხენა-ზედა და მარცხენა-ქვედა პულმონალური ვენებიდან.

მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, მოკლე ღერძზე, აორტისა და მარცხენა პარკუჭის დონეზე, შესაძლებელია ნაკადის შესწავლა მარჯვენა-ზედა პულმონალური ვენიდან.

ნორმალური ნაკადის დახასიათება: მარცხენა წინაგულში პულმონალური ვენებიდან ნაკადი მოიცავს როგორც სისტოლას, ასევე დიასტოლას. როგორც აპიკალური, ასევე პარასტერნალური მიდგომიდან გამოკვლევისას, ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად კოდირებულია წითელი ფერით (სურ. 6.4.3).

აპიკალურ ოთხკამერიან პოზიციაში, ნაკადი მარცხენა-ქვედა პულმონალური ვენიდან კოდირებულია ლურჯი ფერით, რადგან ის მიმართულია გადამწოდის საპირისპირო მხარეს.

პულმონალური ვენებიდან ნაკადი არის ლამინარული, გააჩნია დაბალი სიჩქარე, ამიტომ კოდირებულია მუქი წითელი და ლურჯი ფერებით.

 

სურ. 6.4.3. აპიკალური 4 კამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნორმალური ნაკადი ფილტვის ვენიდან, მარცხენა წინაგულში (წითელი ფერით).

 

მარცხენა პარკუჭში დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა

ნორმაში მარცხენა პარკუჭში ნაკადს ადგილი აქვს მარცხენა წინაგულიდან, დიასტოლის ფაზაში (ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადი).

 

გამოკვლევის ტექნიკა:

ფერადი დოპლეროკარდიოგრაფიით მარცხენა პარკუჭში დიასტოლური ნაკადის გამოსაკვლევად საუკეთესოა აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ამ პოზიციაში ნაკადი ყველაზე მეტად პარალელურია ულტრაბგერის სხივის მიმართ.

სხვა პოზიციები, საიდანაც შესაძლებელია გამოკვლევა: აპიკალური ორკამერიანი, მარცხენა პარასტერნალური გრძელ ღერძზე და სუბკოსტალური ოთხკამერიანი პოზიციები.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნაკადი მარცხენა პარკუჭში, მარცხენა წინაგულიდან, დიატოლის ფაზაში, მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად წითელი ფერით არის კოდირებული (სურ. 6.4.4).

ყველაზე მაღალი სისწრაფის დინება შესაძლებელია დავინახოთ ნაკადის ცენტრში (წითელიდან მსუბუქად ყვითელისაკენ გარდამავალი ფერის სახით). ნაკადს აქვს ორფაზიანი ხასიათი (შეესაბამება პარკუჭის ადრეული დიასტოლური ავსების და წინაგულის შეკუმშვის ფაზას)

 

სურ. 6.4.4. აპიკალური 4 კამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნორმალური ტრანსმიტრალური დიასტოლური ნაკადი.

 

ნაკადის გამოკვლევა მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში

ნორმაში მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ნაკადს ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში და მიმართულია აორტისაკენ.

 

გამოკვლევის ტექნიკა:

გამოკვლევისათვის საუკეთსო პოზიციაა - აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია და აპიკალური პოზიცია გულის გრძელ ღერძზე. ასეთ პირობებში ნაკადი ყველაზე მეტად პარალელურია ულტრაბგერითი სხივის მიმართ. ასევე შესაძლებელია გამოკვლევა ჩატარდეს მარცხენა პარასტერნალური მიდგომიდან, გრძელ ღერძზე.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:


ნაკადი აპიკალურ პოზიციაში მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და შესაბამისად კოდირებულია ლურჯი ფერით (სურ. 6.4.6).

სისტოლის განმავლობაში (დასაწყის ფაზაში) ნაკადი თითქმის ყოველთვის გადააჭარბებს ნაიკვისტრის ზღვარს, ხდება სპექტრის დამახინჯება და იღებს საპირისპირო ნაკადის სახეს-შესაბამისად იღებება წითელ ფერში, ანუ სიტოლისას ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში იცვლის ფერს, ლურჯიდან-წითელისაკენ (სურ. 6.4.6).

პარასტერნალურ მიდგომაში, გულის გრძელ ღერძზე გამოკვლევისას, ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში, შეიძლება მიმართული იყოს ან გადამწოდისაკენ ან მის საპირისპიროდ. ეს დამოკიდებულია მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ორიენტაციაზე ულტრაბგერითი სხივის მიმართ. როცა გამომტანი ტრაქტი მდებარეობს გადამწოდის წინ, მაშინ ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და კოდირებულია წითელი ფერით. როცა განლაგებულია გადამწოდის უკან, მაშინ დინება მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და შესაბამისად კოდირებულია ლურჯი ფერით (სურ. 6.4.6,7).

დიასტოლისას, მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში ან არ არის ნაკადი, ან მცირე მოცულობისაა, რომლის სიჩქარე დაბალია, ამიტომ ის დისპლეიზე გამოისახება მუქი წითელი ან ლურჯი ფერით. როცა დიასტოლაში ნაკადი არ გვაქვს, მაშინ დისპლეიზე ფერებს ვერ ვხედავთ.

 

სურ. 6.4.5. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. სისტოლური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.


სურ. 6.4.6. აპიკალური ხუთკამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნორმალური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.


სურ. 6.4.7 მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. სისტოლური ნაკადი მარცხენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში.

 

ნაკადის გამოკვლევა აორტაში

 

გამოკვლევის ტექნიკა:

აღმავალ აორტაში ნაკადის გამოკვლევა შესაძლებელია მარცხენა პარასტერნალურ პოზიციაში, გრძელ ღერძზე; აპიკალურ ხუთკამერიან პოზიციაში; აპიკალურ პოზიციაში, გრძელ ღერძზე; მარჯვენა პარასტერნალური მიდგომიდან და სუპრასტერნალური მიდგომიდან, გრძელ ღერძზე.

აორტის რკალში და დაღმავალ აორტაში ნაკადის გამოკვლევას ახორციელებენ სუპრასტერნალური მიდგომიდან, გრძელ ღერძზე.

მუცლის აორტაში ნაკადის გამოკვლევა შესაძლებელია სუბკოსტალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

აღმავალ აორტაში, აორტის რკალის ირგვლივ და მუცლის აორტაში ნაკადს ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში.

პარასტერნალურ პოზიციაში, გულის გრძელ ღერძზე, აღმავალ აორტაში დინების შესწავლისას, ნაკადი შეიძლება მიმართული იყოს გადამწოდისაკენ ან მის საპირისპირო მხარეს და დამოკიდებულია აღმავალი აორტის მდებარეობაზე ულტრაბგერითი სხივის მიმართ. როცა აორტა განლაგებულია წინ, მაშინ ნაკადი მიემართება გადამწოდისაკენ და კოდირებულია წითელი ფერით. როცა აორტა განლაგებულია უკან, ნაკადი მიემართება გადამწოდის საპირისპირო მხარეს და კოდირებულია ლურჯი ფერით (სურ. 6.4.7).

აპიკალურ პოზიციაში, ნაკადი აღმავალ აორტაში კოდირებულია ლურჯი ფერით, რადგან მიმართულია გადამწოდის საპირისპირო მხარეს.

სუპრასტერნალურ პოზიციაში, გრძელ ღერძზე, ნაკადი აღმავალ აორტაში და აორტის რკალის დასაწყისში მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად კოდირებულია წითელი ფერით. აორტის რკალის დასასრულ ნაწილში და დაღმავალ აორტაში მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და კოდირებულია ლურჯი ფერით.

აორტის რკალის ცენტრალურ ნაწილში არის ეგრეთწოდებული “მკვდარი სივრცე” (შავი ფერის). ეს იმიტომ ხდება, რომ ამ უბანში ნაკადი ულტრაბგერითი სხივის მიმართ პერპენდიკულარულადაა განლაგებული (სურ. 6.4.8).

ადრეული დიასტოლის განმავლობაში, შეიძლება დავინახოთ მცირე სიჩქარის რეტროგრადული ნაკადი აღმავალ და დაღმავალ აორტაში. აღმავალ აორტაში ასეთი ნაკადის არსებობისას, ის მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და კოდირებულია ლურჯი ფერით. რეტროგრადული ნაკადი დაღმავალ აორტაში კოდირებულია წითელი ფერით, რადგან ის მიმართულია გადამწოდისაკენ. რეტროგრადულ ნაკადს ნორმაში ადგილი აქვს მხოლოდ ადრეულ დიასტოლაში.

სუბკოსტალური მიდგომიდან, შესაძლებელია აბდომინალურ აორტაში ნაკადის შესწავლა (აორტის გრძელ ღერძზე). ამ პოზიციაში ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად კოდირებულია წითელი ფერით (სურ. 6.4.9).

 

სურ. 6.4.8. სუპრასტერნალური პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. აორტის რკალი სისტოლის ფაზაში. აღმავალ აორტაში ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და კოდირებულია წითელ ფერში. დაღმავალ აორტაში კი, გადამწოდის საპირისპირო მხარეს და შესაბამისად ლურჯ ფერში. მიაქციეთ ყურადღება მათ შორის არსებულ ეგრეთწოდებულ “მკვდარ ზონას”. მისი წარმოშობის მიზეზია ის რომ, ამ უბანში ნაკადი ექოსიგნალის პერპენდიკულარულია (მისი არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ უბანში ნაკადი არ არის).

 

სურ. 6.4.9. სუბკოსტალური პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნორმალური ნაკადი მუცლის აორტაში (სისტოლის ფაზა).

 

მარჯვენა წინაგულში შემავალი ნაკადის გამოკვლევა

მარჯვენა წინაგულში სისხლი ჩაედინება:

  • ქვემო ღრუ ვენიდან.
  • ზემო ღრუ ვენიდან.
  • კორონარული სინუსიდან.

 

კორონარული სინუსიდან, მარჯვენა წინაგულში ფერადი დოპლერით ნაკადის შესწავლა რთულია, რადგან ნაკადის მოცულობა მცირეა და გართულებულია მის მიმართ ულტრაბგერითი სხივის პარალელური მიმართვა.

 

გამოკვლევის ტექნიკა:

მარჯვენა წინაგულში, ნაკადი ქვემო ღრუ ვენიდან, შესაძლებელია შესწავლილ იქნას:

  • პარასტერნალური მიდგომიდან, მარჯვენა პარკუჭის შემავალი ტრაქტის გრძელ ღერძზე.
  • მარცხენა პარასტერნალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე, აორტის სარქველის დონეზე.
  • აპიკალური ოთხკამერიანი პოზიციიდან.
  • სუბკოსტალური მიდგომიდან.

 

ნაკადი ზემო ღრუ ვენიდან, მარჯვენა წინაგულში შესაძლებელია შესწავლილ იქნას:

  • სუბკოსტალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე.
  • სუპრასტერნალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე.

 

ნორმალური ნაკადის დახასითება:

მარჯვენა წინაგულში, ღრუ ვენებიდან სისხლის ჩადინებას, ადგილი აქვს როგორც სისტოლის, ასევე დიასტოლის ფაზაში.

 

ნაკადი ქვემო ღრუ ვენიდან:

პარასტერნლური და აპიკალური მიდგომიდან გამოკვლევისას, ნაკადი ქვემო ღრუ ვენიდან, მარჯვენა წინაგულში, მიმართულია გადამწოდისაკენ და კოდირებულია წითელ ფერში.

სუბკოსტალური მიდგომიდან შესწავლისას, აღნიშნული ნაკადი ძირითადად მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და შესაბამისად კოდირებულია ლურჯი ფერით.

ზოგჯერ ადგილი აქვს დინების მცირე რევერსიას, რომელიც დაკავშირებულია წინაგულის შეკუმშვასთან. რევერსიული ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად კოდირებულია წითელი ფერით.

ქვემო ღრუ ვენაში ღვიძლის ვენებიდან დინების დათვალიერება ასევე შესაძლებელია სუბკოსტალური მიდგომიდან. ნაკადი არის უწყვეტი და მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ - შესაბამისად დისპლეიზე ლურჯი ფერისაა (სურ. 6.4.10).

 

ნაკადი ზემო ღრუ ვენიდან:

სუბკოსტალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე, ნაკადი ზემო ღრუ ვენიდან მარჯვენა წინაგულში მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად კოდირებულია წითელი ფერით (სურ. 6.4.11).

სუპრასტერნალური მიდგომიდან, მოკლე ღერძზე, დინება მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და კოდირებულია ლურჯი ფერით.

 

სურ. 6.4.10. სუბკოსტალური პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნაკადი ქვემო ღრუ ვენიდან მარჯვენა წინაგულში.

 

სურ. 6.4.11. სუბკოსტალური პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. ნაკადი ზემო ღრუ ვენიდან მარჯვენა წინაგულში.

 

მარჯვენა პარკუჭში დიასტოლური ნაკადის გამოკვლევა

ნორმაში მარჯვენა პარკუჭში ნაკადს (ტრანსტრიკუსპიდალური დიასტოლური ნაკადი) ადგილი აქვს დიასტოლის ფაზაში, მარჯვენა წინაგულიდან, სამკარედიანი სარქველის გავლით.

 

გამოკვლევის ტექნიკა:

მარჯვენა პარკუჭში ნაკადის შესასწავლად საუკეთესოა აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია, სადაც ნაკადი ყველაზე მეტად პარალელურია ულტრაბგერითი სხივის მიმართ.

სხვა პოზიციები, რომლებიდანაც ასევე შესაძლებელია ნაკადის გამოკვლევა:

  • პარასტერნალური პოზიცია, მარჯვენა პარკუჭის შემავალი ტრაქტის გრძელი ღერძი.
  • პარასტერნალური პოზიცია, გულის მოკლე ღერძი, აორტის სარქველის დონეზე.
  • სუბკოსტალური მიდგომა.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ყველა პოზიციიდან მარჯვენა პარკუჭში დიასტოლური ნაკადის შესწავლისას, ის მიმართულია გადმწოდისაკენ და კოდირებულია წითელი ფერით. ნაკადი აქ უფრო დაბალი სიჩქარისაა ვიდრე მარცხენა პარკუჭში და შესაბამისად შეღებილია უფრო მუქ წითელ ფერში (სურ. 6.4,12).

ტრანსტრიკუსპიდალურ დიასტოლურ ნაკადს აქვს ორფაზიანი ხასიათი (შეესაბამება პარკუჭის ადრეულ დიასტოლურ ავსებას და წინაგულის შეკუმშვის ფაზას).

სურ. 6.4.12. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. დიასტოლური ტრანსტრიკუსპიდალური ნაკადი.

 

ნაკადის გამოკვლევა მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტსა და ფილტვის არტერიაში

ნორმაში ნაკადს მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში, ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში.

 

გამოკვლევის ტექნიკა:

მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში ნაკადის შესწავლისათვის საუკეთესოა პარასტერნალური მიდგომა, მარჯვენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის გრძელი ღერძი.

გამოკვლევა ასევე შესაძლებელია შემდეგი პოზიციებიდან :

  • პარასტერნალური პოზიცია, გულის მოკლე ღერძი, აორტის სარქველისა და ფილტვის არტერიის ბიფურკაციის დონეზე.
  • სუბკოსტალური მიდგომა.

 

ნორმალური ნაკადის დახასიათება:

ნორმაში ნაკადს მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში ადგილი აქვს სისტოლის ფაზაში. პარასტერნალური და სუბკოსტალური მიდგომიდან დინების შესწავლისას, ის მიმართულია გადამწოდის საპირისპიროდ და შესაბამისად კოდირებულია ლურჯი ფერით.

ფილტვის არტერიაში ნაკადი უფრო დაბალი სიჩქარისაა, ვიდრე აორტაში და უფრო მუქი ფერისაა.

ფილტვის ღეროს ცენტრში, შესაძლოა აღინიშნოს დინება, კოდირებული განსხვავებული (საპირისპირო) ფერით (ნაკადის სიჩქარე ასეთ შემთხვევაში აჭარბებს ნაიკვისტრის ზღვარს).

აღსანიშნავია, რომ ნორმაში უხშირესად ადგილი აქვს მცირე პულმონალურ რეგურგიტაციას. რეგურგიტაციის ნაკადი მიმართულია გადამწოდისაკენ და შესაბამისად წითელი ფერითაა კოდირებული (სურ. 6.4.14).

 

სურ. 6.4,13. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. სისტოლური ნაკადი მარჯვენა პარკუჭის გამომტან ტრაქტში და ფილტვის არტერიაში.

სურ. 6.4,14. მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი. ფერადი დოპლეროკარდიოგრაფია. დიასტოლური პულმონალური (ფიზიოლოგიური) რეგურგიტაცია.

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.

A +