<%@ Page MaintainScrollPositionOnPostback="true" %> დილატაციური კარდიომიოპათია

კლინიკური ექოკარდიოგრაფია

თავი 12.1 დილატაციური კარდიომიოპათია


 

კარდიომიოპათიები იყოფა სამ ძირითად ჯგუფად: დილატაციური, ჰიპერტროფიული და რესტრიქციული (სურ. 12.1.1). ასევე გამოყოფენ მარჯვენა პარკუჭის არითმოგენულ, არაკლასიფიცირებად და სპეციფიურ კარდიომიოპათიებს.

ექოკარდიოგრაფია გვაძლევს კარდიომიოპათიების დიაგნოსტირების, მართვისა და პროგნოზირების  საშუალებას, მაგრამ მისი გამოყენებით დაავადების მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

 

სურ. 12.1.1. კარდიომიოპათიის 3 ძირითადი ფორმა: დილატაციური, ჰიპერტროფიული და რესტრიქციული კარდიომიოპათია.

 

დილატაციური კარდიომიოპათიისათვის დამახასიათებელია გულის კამერების (უპირატესად მარცხენა პარკუჭის) მნიშვნელოვანი დილატაცია და სისტოლური დისფუნქცია. სხვადასხვა ეტიოლოგიის მიუხედავად,  ექოკარდიოგრაფიული სურათი ყველა შემთხვევაში ერთნაირია. მარცხენა პარკუჭი სფერული ფორმისაა (წრფივი ზომები, მის მოკლე და გრძელ ღერძზე დაახლოებით ერთნაირია. ფარდობა უახლოვდება 1-ს). მოცულობა ხშირად აჭარბებს 250 მლ-ს. მარცხენა წინაგულის კი 125 მლ-ს (სურ. 12.1.2,3,4).

 

სურ. 12.1. 2. დილატაციური კარდიომიოპათია. აუტოფსიური მასალა. გულის ყველა კამერა დილატირებულია. მარცხენა პარკუჭის კედელი გათხელებულია.

 

გულის ყველა სისტოლური ფუნქციის მახასიათებლის რაოდენობრივი მნიშვნელობა  შემცირებულია (განდევნის ფრაქცია <30%-ზე, შემცირებულია დარტყმითი მოცულობა, წუთმოცულობა და სხვ). იშვიათად გვხვდება შემთხვევები, როცა დილატაცია მინიმალურია, მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია კი-მნიშვნელოვანი.


მარცხენა პარკუჭის კედლის სისქე ძირითადად ნორმის ფარგლებშია, რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს მისი გათხელება ან გასქელება. მიოკარდიუმის მასა კი ყველა შემთხვევაში გაზრდილია.

დილატაციური კარდიომიოპათიისას კამერების და ფიბროზული რგოლების დილატაცია იწვევს სარქველების შედარებითი ნაკლოვანების განვითარებას (უპირატესად მიტრალური რეგურგიტაცია, საკმაოდ ხშირია ტრიკუსპიდალური რეგურგიტაცია).

 

 

სურ. 12.1.3. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. სურათი ზემოთ-აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. სურათი ქვემოთ-მარცხენა პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. აღინიშნება გულის ოთხივე კამერის დილატაცია.

 

ვიდეო 12.1.1. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. აღინიშნება გულის კამერების დილატაცია და კუმშვადობის დიფუზური, მკვეთრი დაქვეითება.

 

ვიდეო 12.1.2. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. პარასტერნალური პოზიცია, მოკლე ღერძი. აღინიშნება მარცხენა პარკუჭის დილატაცია და კუმშვადობის დიფუზური, მკვეთრი დაქვეითება.

 

ვიდეო 12.1.3. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. აღინიშნება გულის კამერების დილატაცია, კუმშვადობის დიფუზური, მკვეთრი დაქვეითება და თრომბი მარცხენა წინაგულში.

 

ვიდეო 12.1.4. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. პარასტერნალური პოზიცია, გრძელი ღერძი. აღინიშნება გულის კამერების დილატაცია, კუმშვადობის დიფუზური, მკვეთრი დაქვეითება.

 

ვიდეო 12.1.5. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. აპიკალური ოთხკამერიანი პოზიცია. აღინიშნება გულის კამერების დილატაცია, კუმშვადობის დიფუზური, მკვეთრი დაქვეითება.

 

დილატაციურ კარდიომიოპათიას ახასიათებს გლობალური სისტოლური დისფუნქცია. რეგიონული კუმშვადობის დარღვევა უპირატესად აღინიშნება უკანა-ბაზალურ სეგმენტში. ან აღინიშნება მარავლობითი რეგიონული კუმშვადობის დარღვევები, რომელიც არაიშემიური ხასიათისაა. განსხვავება იშემიურ და არაიშემიურ კარდიომი ოპათიას შორის, ხშირად სადაო საკითხია.

ასევე არც თუ ისე იშვიათია მარცხენა პარკუჭის დიასტოლური დისფუნქციის ნიშნები. სისტოლურ დისფუნქციასთან ერთად, დიასტოლური დისფუნქციის არსებობა, პროგნოზულად უფრო ცუდი ნიშანია.

დილატირებული აკინეზიურ-ჰიპოკინეზიური მარცხენა პარკუჭის ღრუში, იქმნება პირობები თრომბის წარმოქმნისათვის (მიდრეკილება აქვს შედარებითი სტაზის ადგილების მიმართ).

თრომბების უმრავლესობა კედლისამყოლია. მის აღმოსაჩენად საჭიროა მარცხენა პარკუჭის მიოკარდიუმის ყურადღებით დათვალიერება, მაღალი სიხშირის გადამწოდის გამოყენება და ვიზუალიზაციის გასაუმჯობესებელი საშუალებების გამოყენება (კონტრასტირება და სხვ). თრომბი უხშირესად ლოკალიზებულია გულის მწვერვალის მიდამოში.


სურ. 12.1. 4. პაციენტი დილატაციური კარდიომიოპათიით. მიტრალური სარქველის M-მოდალური გამოკვლევა. აღინიშნება E-წერტილის სეპტალური სეპარაციის გაზრდა და მიტრალური სარქველის არასრული დახურვა.


დილატაციური კარდიომიოპათიის შეჯამებული ექოკარდიოგრაფიული ნიშნები


ორგანზომილებიანი ექოკარდიოგრაფია:

  • დილატირებული მარცხენა პარკუჭი (სურ. 12.1.3). მისი სფერული ფორმა (აუცილებელი ნიშანი).
  • დილატირებული მარჯვენა პარკუჭი (გვხვდება ხშირად).
  • დილატირებული წინაგულები (გვხვდება ხშირად).
  • მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება (გვხვდება ყველა შემთხვევაში).
  • მიოკარდიუმის კედლის ნორმალური სისქე, ზოგჯერ სისქის გაზრდა ან შემცირება.
  • ზოგჯერ სპონტანური ექოკონტრასტირება. თრომბის არსებობით ან არარსებობით.


M-მოდალური გამოკვლევა:

  • კამერების დილატაცია.
  • მიტრალური სარქველის წინა კარედის მოძრაობის მრუდზე E-წერტილის სეპტალური სეპარაციის გაზრდა-გაზრდილია მანძილი E-წერტილიდან ძგიდემდე. ნორმაში  5 მმ-მდეა (სურ. 12.1.4).


დოპლეროკარდიოგრაფია:

  • დიასტოლური დისფუნქცია.
  • შედარებითი მიტრალური რეგურგიტაცია.
  • ხშირად სხვა სარქველების შედარებითი ნაკლოვანება.

 


სამხრეთ ამერიკაში გავრცელებულია ჩაგასის დაავადება. მისთვის დამახასიათებელია დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარება, რომელსაც შესაძლოა ქონდეს სეგმენტური ხასიათი. ჩაგასის დაავადება  (ამერიკული ტრიპანოსომოზი) წარმოადგენს ზოონოზურ ინფექციას. მისი გამომწვევია უმარტივესი Tripanosoma cruzi.

ექოკარდიოგრაფიულად მისთვის დამახასიათებელია მიოკარდიუმის სეგმენტური დაზიანება. მწვერვალის ანევრიზმა, პარკუჭთაშუა ძგიდის ნორმალური კუმშვადობის პირობებში. ზოგჯერ გვხვდება მარცხენა პარკუჭის უკანა-ბაზალური სეგმენტების ანევრიზმა.

 

 

რესურსის მომხმარებელს ასევე ეძლევა საშუალება მნიშვნელოვნად შეამციროს ექოკარდიოგრაფიის შესწავლის დრო ონლაინ ექოკარდიოგრაფიული სიმულატორის MyEchocardiography.com გამოყენებით.